საქართველოში კორონავირუსის შედეგად გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა.
ამის შესახებ საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა ჟურნალისტებს განუცხადა. საუბარია 79 წლის ქალზე, რომელიც კლინიკაში 31 მარტს მოათავსეს. ის მარნეული-ბოლნისის კლასტერის წარმომადგენელი იყო.
“თქვენ იცით, 31 მარტს ჩვენს კლინიკაში შემოყვანილი იქნა კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში კრიტიკული პაციენტი, 79 წლის, რომელთანაც დადასტურებული იყო კოვიდ ინფექცია. ასევე მინდა გითხრათ ამ პაციენტის შესახებ, რომ ანამნეზში იყო ბოლო 6 თვის განმავლობაშია მკვეთრი წონის დეფიციტი, ჩატარებული კლინიკური კვლევების შედეგად, გამოვლინდა ორმხრივი პნევმონია, ასევე დადასტურდა პნევმოთორაქსი, მწვავე რესპირატორული დისტრესი. შემოყვანისთანავე დადასტურდა მწვავე სეფსისი ჰემოდინამიკის რღვევით. ამ კვლევების შემდეგ, პაციენტი მოთავსდა რეანიმაციულ განყოფილებაში, დაწყებული იქნა სიმპტომური და პათოგენეზური მკურნალობა, მაგრამ ჩატარებული ღონისძიებები ამ ეტაპზე აღმოჩნდა უეფექტო. მისი სომატური პათოლოგიებიდან გამომდინარე დღეს დილით 9 საათზე, სამწუხაროდ, დაფიქსირდა ლეტალობა,“-განაცხადა ლევან რატიანმა.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 157-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული. კარანტინის რეჟიმშია 5526 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 344 პირი.