ბათუმში მომხდარ დაპირსპირებაში მონაწილე თურქი ქომაგების იზოლატორებიდან გაშვებას უფლებადამცველები ორმაგ სტანდარტად მიიჩნევენ.
ისინი პარალელს აკეთებენ თბილისში მომხდარი მოვლენების დროს დაკავებულებზე და ამბობენ, რომ რეაგირება განსხვავდება იმ შემთხვევებისგან, როდესაც საქმე ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილ, ან ოპოზიციურად მიჩნეულ პირებს ეხება.
თორნიკე მიგინეიშვილის თქმით, როდესაც ადამიანები, პირდაპირ უსწორდებიან ფიზიკურად სამართალდამცავებს, შემდეგ კი მათ ათავისუფლებენ, სწორედ ესაა ორმაგი სტანდარტი.
„გუშინ რაც ბათუმის ქუჩებში ვნახეთ, ეს იყო ორგანიზებული ჯგუფური ძალადობა. სახელმწიფოს მიდგომა თითქოს იყო, რომ ნებისმიერი შეხებაც კი სამართალდამცავზე არის დარღვევა და ჩვენ მათი ღირსება და ინტერესები უნდა დავიცვათ. თუმცა, როცა ვხედავთ ორმაგ სტანდარტს, რომ წლების მანძილზე ადამიანები არიან ციხეში, მაშინ როდესაც ვერც ერთი გარემოებით ვერ ადასტურებ მათ უკანონო მოქმედებას კონკრეტული სამართალდამცავების მისამართით და ამის პარალელურად უცხო ქვეყნის მოქალაქეების მხრიდან ვხედავთ პირდაპირ როგორ უსწორდებიან ფიზიკურად სამართალდამცავებს, ვხედავთ დაზიანებულს და დასისხლიანებულ სპეცრაზმელებს. და ასეთ დროს ეს ადამიანები თავისუფლდებიან პასუხისმგებლობის გარეშე. რა თქმა უნდა, ეს არის ორმაგი სტანდარტი, – ამბობს თორნიკე მიგინეიშვილი.
კიდევ ერთი უფლებდამცველი, ლაშა ტყეშელაძე აცხადებს, რომ თურქეთის მოქალაქეების მხრიდან ძალადობის ფაქტები სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს და დაუშვებელია მოძალადეების დაუკავებლობა იმ ფონზე, როცა საქართველოს მოქალაქეებს მტკიცებულებების გარეშე აპატიმრებენ.
„ჩვენ გუშინ ყველამ ერთად ვნახეთ ის აღვირახსნილი ძალადობა, რასაც თურქეთის მოქალაქეები ჩადიოდნენ საქართველოს ტერიტორიაზე, ძალადობდნენ პოლიციელებზე, ძალადობდნენ სტადიონზე მყოფ ადამიანებზე, ასევე ანადგურებდნენ სხვადასხვა ინვენტარს და ეს პირდაპირ არის სისხლის სამართლის დანაშაული. შეუძლებელია ერთი მხრივ, არ იჭერდე იმ მოძალადეებს, რასაც ჩვენ გუშინ ყველანი ერთად ვნახულობდით და მეორეს მხრივ, აკავებდეს საქართველოს მოქალაქეებს, იჭერდეს საქართველოს მოქალაქეებს, თავისუფალ ადამიანებს, მტკიცებულებების გარეშე და პირდაპირ ეთერში, როდესაც ძალადობენ პოლიციელებზე, აი, ამ ადამიანებს არ იჭერდე, სისხლის სამართლის წესით, – ამბობს ლაშა ტყეშელაძე.
სამართალდამცავებს სიტუაციის კონტროლი უფრო მარტივად გამოსდით მაშინ, როცა საქმე ხელისუფლებისადმი ოპოზიციურად განწყობილ პირებს ეხებათ, – ამბობს ჩელე ყურუა და მიიჩნევს, რომ ბათუმის შემთხვევაში მათი მოქმედება ნაკლებად მკაცრი იყო.
„ზოგადად უჭირს ქართველ სამართალდამცავს სიტუაციის კონტროლი და უფრო კარგად აყავთ ხოლმე კონტროლზე სიტუაცია, მაშინ როცა სავარაუდო დამნაშავეები და სამართალდამრღვევები არიან ის ადამიანები, რომლებიც ხელისუფლებას ეწინააღმდეგებიან და არიან ოპოზიციისკენ, შესაბამისად, ამ შემთხვევაში მგონია, რომ ცოტა უფრო მოდუნებულები იყვნენ და გვაჩვენეს სურათი, რომლის ნახვაც არცერთ ქართველს არ უნდოდა“,- ამბობს ყურუა.
