ერთი კილოგრამი ტანსაცმლის კომერციული მიზნებისთვის იმპორტის გადასახადი 3 ლარი იქნება. ეს გადასახადი არ ვრცელდება ევროკავშირიდან იმპორტირებულ ტანსაცმელზე არც მეორად ტანსაცმელზე, – ამის შესახებ „თავისუფალ ბიზნესთა ასოციაციის“ დირექტორმა ნოდარ სირბილაძემ განაცხადა.
როგორც ის სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე წერს, აღნიშნული გადაწყვეტილებით, მსხვილი ბიზნესები ზიანდებიან, რის გამოც, არსებობს საფრთხე, მთავრობამ განბაჟების 300-ლარიანი ზღვარი მთლიანად გააუქმოს. ეს თუ ასე მოხდება, მოქალაქეები დაიბეგრებიან.
„საქართველოში ტანსაცმელი სულ მალე გაძვირდება. 2026 წლის 25 ნოემბრიდან, საქართველოში ტანსაცმლის, ასევე თეთრეულის და ფეხსაცმლის იმპორტზე ახალი გადასახადი ამოქმედდა. ერთი კილოგრამი ტანსაცმლის კომერციული მიზნებისთვის იმპორტის გადასახადი 3 ლარი იქნება. მარტივად რომ ვთქვათ, კომპანიამ 1 ტონა ტანსაცმელი რომ შემოიტანოს, 3 000 ლარი უნდა გადაიხადოს ბიუჯეტში, თუ 10 ტონა იქნება, მაშინ 30 000 ლარი. ეს გადასახადი არ ვრცელდება ევროკავშირიდან იმპორტირებულ ტანსაცმელზე, არც მეორად ტანსაცმელზე, თუმცა მიმდინარე წელს, ახალი ტანსაცმლის, რაც ქვეყანაში შემოვიდა, დაახლოებით 89% ისეთ ქვეყნებზე მოდის, რომლებიც ევროკავშირის წევრები არ არიან. შესაბამისად, რაც კი ახალი ტანსაცმელი შემოდის, იმის 89% დაიბეგრება უფრო დიდი მოცულობით.
იმის გარდა, რომ მოსახლეობას ქვეყანაში ტანსაცმლის ყიდვა გაუძვირდება, მე ვხედავ კიდევ ერთ ძალიან დიდ საფრთხეს. აღნიშნული გადაწყვეტილებით, ბუნებრივია, მსხვილი ბიზნესები ზიანდებიან, ამიტომ არსებობს საფრთხე, რომ ამ ზიანის საპირწონედ მთავრობამ განბაჟების 300-ლარიანი ზღვარი მთლიანად გააუქმოს. ეს თუ ასე მოხდება, მაშინ ყველა ადამიანს, რომელიც საერთაშორისო პლატფორმებიდან ყიდულობს ტანსაცმელს ფეხსაცმელს და ასე შემდეგ დაიბეგრებიან ნებისმიერ შემთხვევაში, სულ რომ 10-ლარიანი მაისური გამოიწერონ უცხოეთიდან.
შედეგად მივიღებთ იმას, რომ თითოეულ მომხმარებელს, არ აქვს მნიშვნელობა ის ადგილზე ყიდულობს ტანსაცმელს, თუ ონლაინ, მათ პროდუქტი კიდევ უფრო გაუძვირდებათ“, – აცხადებს სირბილაძე.
