თურქეთის იუსტიციის მინისტრი, აკინ გიურლექი ქართველ კოლეგას, პაატა სალიას დაუკავშირდა და ბათუმში დაკავებული თურქეთის მოქალაქეების დაუყოვნებლივ გათავისუფლება მოითხოვა.
ამის შესახებ თურქი მინისტრი სოციალურ ქსელში წერს.
მისი განცხადებით, ოფიციალური ანკარა მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში დაიცავს საკუთარი მოქალაქეების უფლებებს.
„ბათუმში მომხდართან დაკავშირებით საქართველოს იუსტიციის მინისტრს ვესაუბრე. მოვუწოდე ჩვენი მოქალაქეების უფლებების დაცვისა და ყველა დაკავებულის დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ, ასევე ინციდენტებში მონაწილე პირთა მიმართ სამართლებრივი დევნის დაწყებისკენ. იმედი მაქვს, მსგავსი შემთხვევების თავიდან ასაცილებლად შესაბამისი ზომები იქნება მიღებული. მსოფლიოს რომელ ნაწილშიც არ უნდა იყოს, ჩვენ მტკიცედ გავაგრძელებთ ყველა საჭირო ნაბიჯის გადადგმას ჩვენი მოქალაქეების დასაცავად“, – აღნიშნავს აკინ გიურლექი.
