„ნაციონალური მოძრაობის“ მმართველი საბჭოს თავმჯდომარე ირაკლი ფავლენიშვილი მოქალაქეებს 28 ნოემბერს დაგეგმილ აქციაზე შეკრებისკენ მოუწოდებს.
„28 ნოემბერს, საღამოს 7 საათზე, მოვუწოდებ საქართველოს პატრიოტებს, შევიკრიბოთ ავლაბრის მეტროსთან. ნაციონალური მოძრაობა ტრადიციულ შაბათის მარშს შეუერთდება საღამოს 7 საათზე. ჩვენი თანამებრძოლები შეიკრიბებიან თსუ-თან იმავე დროს და ერთად დავიძვრებით თავისუფლების მოედნისკენ. ეს არის კულმინაციური მომენტი საქართველოს უახლოეს ისტორიაში. ივანიშვილმა და მისმა რეჟიმმა დაიწყეს გადამწყვეტი ბრძოლა ქართული სახელმწიფოებრიობის განადგურებისთვის 2 წლის წინ. გამოიწვიეს დუელში ქართველი ერი და ქართული სახელმწიფო, შეცვალეს კონსტიტუცია და განახორციელეს ბოლშევიკური ტიპის რეპრესიები თავისუფალი საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ. ჩვენ არ გავტყდით, გავაგრძელეთ ბრძოლა და უკვე მკაფიო ნიშნებია იმის, რომ ტყდება ივანიშვილის რეჟიმი… ყველას მოგიწოდებთ, ბრძოლა უნდა მივიყვანოთ გამარჯვებამდე, ყველა უნდა შევიკრიბოთ 28-ში და ვაჩვენოთ, რომ ვერ გაგვტეხეს, ვერ დაგვაშინეს…” – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველი საბჭოს თავმჯდომარე ირაკლი ფავლენიშვილმა ავლაბრის მეტროსთან გამართულ ბრიფინგზე 28 ნოემბრის აქციასთან დაკავშირებით
