თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ბათუმში ქართული პოლიციის მიერ ძალის გამოყენებას მკაცრად გმობს — საქმე ეხება საფეხბურთო კლუბების, „ბეშიქთაშისა“ და „ჰაპოელ ბეერ-შევას“ მატჩის დროს მომხდარ დაპირისპირებას, რა დროსაც თურქი გულშემატკივრები დაშავდნენ.
თურქეთის პრეზიდენტის კომუნიკაციების დირექტორი, ბურჰანეტინ დურანი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს და ქართველი სამართალდამცავების ქმედებებს „არაპროპორციულ ჩარევად“ აფასებს.
ანკარაში ამტკიცებენ, რომ პალესტინელი ხალხის მიმართ სოლიდარობის მშვიდობიანი გამოხატვა საპოლიციო ძალის გამოყენების გამართლება ვერ გახდება.
„მკაცრად ვგმობ ბათუმში, საქართველოში, „ბეშიქთაშისა“ და „ჰაპოელ ბეერ-შევას“ მატჩის დროს ჩვენი გულშემატკივრების წინააღმდეგ პოლიციის არაპროპორციულ ჩარევას. პალესტინელი ხალხისადმი მშვიდობიანი გზით სოლიდარობის გამოხატვა არანაირად არ უნდა იყოს ძალადობისა და ჩარევის გამართლება.
თანაგრძნობას ვუცხადებ „ბეშიქთაშის“ საზოგადოებასა და ჩვენს გულშემატკივრებს, რომლებიც ამ მოვლენების გამო დაზარალდნენ. ტრიბუნებზე ჩვენი გულშემატკივრების მიმართ გამოვლენილ უსამართლობას საუკეთესო პასუხი გასცეს ჩვენმა პატივცემულმა სპორტულმა კლუბებმა – სოლიდარობის გზავნილებით, ხოლო თავად „ბეშიქთაშმა“ – მოედანზე მოპოვებული გამარჯვებით. ვულოცავ „ბეშიქთაშის“ დიდ ოჯახს“, — წერია განცხადებაში.
