გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი აცხადებს, რომ გერმანიას ყველაფრის დაფინანსების შესაძლებლობა აღარ აქვს. ამის შესახებ მან ბუნდესტაგში, 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვისას ისაუბრა და ქვეყნის წინაშე არსებულ რთულ გეოპოლიტიკურ, ტექნოლოგიურ და დემოგრაფიულ ვითარებაზე გაამახვილა ყურადღება.
„ყველაფრისთვის ფული აღარ გვაქვს. ვეღარ შევძლებთ საგადასახადო შემოსავლებით ყველაფრის დაფინანსებას, რასაც წლების განმავლობაში ზედმეტად მივეჩვიეთ“, – განაცხადა მერცმა.
მისი თქმით, წარმოდგენილი ბიუჯეტი ქვეყანაში არსებული რთული მდგომარეობის ზუსტი ასახვაა.
კანცლერმა ასევე აღნიშნა, რომ თავდაცვისა და ინფრასტრუქტურის დაფინანსებისთვის დამატებითი ვალის აღება მომდევნო წლებში მთავრობის სამოქმედო შესაძლებლობებს მნიშვნელოვნად შეზღუდავს. ამასთან, 2028 წლის ბიუჯეტის დაგეგმვა კიდევ უფრო რთული იქნება.
