მიხეილ სააკაშვილმა იმდენი რამე დაუშავა საქართველოს, რომ მხოლოდ ერთი უცხო ქვეყნის ინტერესს, ნაკლებად ემსახურებოდა, მის ქმედებებში რამდენიმე ქვეყანა იყო ჩართული, – ამის შესახებ ქართული ოცნების“ წევრმა, ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.
მაჭავარიანმა კომენტარი გააკეთა მიხეილ სააკაშვილის ფეისბუქპოსტთან დაკავშირებით, სადაც ის წერდა: „რუსები და მათი ქართველი „შნირები“ ამბობენ, რომ „ვარდების რევოლუცია“ ამერიკელების ორგანიზებული იყო, ამერიკელები გვეწინააღმდეგებოდნენ, პირველმა რევოლუცია იგორ ივანოვმა აკურთხა“.
„იგორ ივანოვი ნამდვილად ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც მაშინ საქართველოში ჩამოვიდა. თუ არ ვცდები, სააკაშვილის ინაუგურაციაზეც იმყოფებოდა. სააკაშვილი რამდენი ქვეყნის ინტერესს ემსახურებოდა, ეს ცალკე საკითხია. ერთი მხრივ, ის ისეთი ქვეყნების ინტერესს ატარებდა, რომელიც საქართველოს ინტერესთან პირდაპირ წინააღმდეგობაში მოდის. ამ ყველაფერში რამდენი ქვეყანა იყო ჩართული, რთული სათქმელია, რადგან იმდენი რამე დააზარალა და იმდენი რამე დაუშავა საქართველოს, რომ ამ შემთხვევაში მხოლოდ ერთი ქვეყნის ინტერესს, უცხო ქვეყანაზე მაქვს საუბარი, ნაკლებად ემსახურებოდა. სავარაუდოდ, მის ქმედებებში რამდენიმე ქვეყანა იყო ჩართული“, – განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პოსტი, სადაც „ვარდების რევოლუციაზე“ და რუსეთის ყოფილ საგარეო მინისტრ იგორ ივანოვზე წერდა, მის ფეისბუქგვერდზე აღარ იძებნება.
