ქართულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ, ილია თოფურიასა და ქართველი მოცეკვავის, ლინა სიჭინავას შესაძლო რომანით უკვე ესპანური გამოცემებიც აქტიურად ინტერესდებიან. „სუხიშვილების“ მოცეკვავე ესპანური პრესის ყურადღების ცენტრში ქართველი UFC-ის ჩემპიონის პირადი ცხოვრების შესახებ გავრცელებული ცნობების ფონზე მოექცა.
გამოცემა Divinity წერს, რომ ილია თოფურიას პირად ცხოვრებაში ბოლო თვეების განმავლობაში მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდა.
მან ურთიერთობა დაასრულა ჯორჯინა უსკატეგუისთან, რომელთანაც საერთო ქალიშვილი ჰყავს. მათი დაშორება სასამართლო დავის გამოც გახდა მედიის ყურადღების ცენტრში. ილიას პირველი ურთიერთობიდან კიდევ ერთი შვილი ჰყავს. ახლა კი, რამდენიმე თვის შემდეგ, მებრძოლის ცხოვრებაში ახალი რომანტიკული ურთიერთობის შესახებ გავრცელდა ინფორმაცია.
Divinity-ის ინფორმაციით, ამბავი ჟურნალისტმა ხავი დე ოიოსმა გაავრცელა.
ჟურნალისტის თქმით, მან ინფორმაცია წყვილის უახლოესი გარემოცვის წარმომადგენლებთან გადაამოწმა.
მისი განცხადებით, ილია და ლინა დაახლოებით ერთი თვეა ერთად არიან.
სტატიაში მოყვანილია ჟურნალისტის სიტყვებიც:
„ილია თოფურიას ახალი შეყვარებული ჰყავს და ეს სწორედ ის გოგონაა“.
ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო დეტალია, თუ სად გაიცნო წყვილმა ერთმანეთი.
გამოცემის ცნობით, ილია და ლინა საქართველოში შეხვდნენ.
ილია საქართველოში ოჯახური ვალდებულების გამო ჩავიდა. საქართველოში ყოფნისას ვარჯიშსაც აგრძელებდა.
სწორედ ამ ვიზიტის დროს გაიცნო ქართველი მოცეკვავე. Divinity აღნიშნავს, რომ ესპანელი ჟურნალისტის ინფორმაციით, მათი ურთიერთობა დაახლოებით ერთი თვის წინ დაიწყო.
გამოცემა ლინას ცალკე ქვეთავს უთმობს:
„ლინა ქართველი მოცეკვავე და მოდელია. ის საქართველოს ეროვნულ ბალეტ „სუხიშვილებში“ ცეკვავს.
მონაწილეობს ქართული ტრადიციული ცეკვის წარმოდგენებში. თანამშრომლობს სამოდელო სააგენტო Look Models Management-თან. სოციალურ ქსელებში აქვეყნებს როგორც ფოტოსესიების, ისე რეპეტიციებისა და სასცენო გამოსვლების კადრებს“.
Divinity განსაკუთრებით უსვამს ხაზს იმას, რომ ლინას პროფესიული საქმიანობა ქართულ ტრადიციულ ცეკვას უკავშირდება და „სუხიშვილები“ საქართველოს კულტურის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წარმომადგენელია საერთაშორისო სცენაზე.
სტატიის დასასრულს ჟურნალისტი წერს, რომ ილია თოფურია პირად ცხოვრებაში ახალი ეტაპის დასაწყისშია და მისი ახალი ურთიერთობა კვლავ მედიის ყურადღების ცენტრში ექცევა.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციების მიუხედავად, თავად ილიას და ლინას ურთიერთობა საჯაროდ არ დაუდასტურებიათ.
