მიხარია, რომ ყულევი არ იქნება გამოყენებული, როგორც რუსეთის ომის ეკონომიკის ნაწილი, ეს არის კარგი და კიდევ ერთხელ ვწუხვარ, რომ საქართველოს ჰყავს ცრუპენტელა პრემიერ-მინისტრი,- ასე ეხმაურება „ძლიერი საქართველო – ლელოს“ საგარეო მდივანი გრიგოლ გეგელია მედიის ინფორმაციას, რომ ევროკომისია ევროკავშირის წევრ ქვეყნებს ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სასანქციო სიიდან ამოღებას სთავაზობს.
გრიგოლ გეგელიას თქმით, ვხედავთ პრემიერის „კიდევ ერთ სამარცხვინო ტყუილს, როდესაც ის ამბობს, რომ თურმე ამ ტერმინალის პოტენციური დასანქცირების არავითარი საფუძველი არ ყოფილა“.
„მინდა მივესალმო სიახლეს, რომლის თანახმადაც ყულევის ნავთობტერმინალი აღარ იქნება სანქციათა სიაში. ეს არის კარგი ჩვენი ქვეყნისთვის. მინდა წარმატება ვუსურვო ნავთობტერმინალს ქართული ეროვნული ინტერესების და ქართული ეკონომიკის ინტერესების სასიკეთოდ.
ამავე დროს, ჩვენ ვხედავთ ირაკლი კობახიძის კიდევ ერთ სამარცხვინო ტყუილს, როდესაც ის ამბობს, რომ თურმე ამ ტერმინალის პოტენციური დასანქცირების არავითარი საფუძველი არ ყოფილა. მინდა შევახსენო ამავე ტერმინალის ლიდერების და მესვეურების მიერ გაკეთებული განცხადება პირველ აპრილს, როდესაც მათ თქვეს, რომ დიახ, პრობლემები არსებობდა და ითხოვეს ექვსთვიანი ვადა შემოდგომამდე იმისათვის, რომ გამოესწორებინათ ეს პრობლემები, მოსულიყვნენ შესაბამისობაში საერთაშორისო სტანდარტებთან და როგორც ჩანს, მათ ეს შეასრულეს, შეძლეს და სწორედ ამიტომ, დღეს ევროპული კავშირი უკვე აცხადებს, რომ ყულევის ნავთობტერმინალი არ მოხვდება საერთაშორისო სანქციებში არა იმიტომ, რომ აქამდე არ არსებობდა ღელვის საფუძველი.
კიდევ ერთხელ მიხარია, რომ ყულევი არ იქნება გამოყენებული, როგორც რუსეთის ომის ეკონომიკის ნაწილი, ეს არის კარგი და კიდევ ერთხელ ვწუხვარ, რომ საქართველოს ჰყავს ცრუპენტელა პრემიერ-მინისტრი“,- აღნიშნავს გრიგოლ გეგელია.
შეგახსენებთ, რომ ევროკომისიამ ევროკავშირის წევრ ქვეყნებს ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სანქციების სიიდან ამოღების წინადადებით მიმართა.
ინფორმაციას გამოცემა The Kyiv Independent-ი ავრცელებს.
გამოცემა წერს, რომ ყულევის ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ ევროკავშირის მხრიდან სანქციების საფრთხის ფონზე ნავთობის მიწოდების წყაროების დივერსიფიკაცია რუსეთის ჩანაცვლებით გადაწყვიტა.
შეგახსენებთ იმასაც, რომ ევროკავშირის საბჭომ 23 ივლისს რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების 21 პაკეტი მიიღო, რომელშიც ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანაც მოხვდა. სანქციების ფარგლებში ევროკავშირმა ქარხნის წინააღმდეგ სატრანზაქციო აკრძალვა მიიღო და მისი ამოქმედების ვადა 6 თვით განსაზღვრა.
