თელავის, ლაგოდეხისა და ახმეტის მუნიციპალიტეტებში კახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა უკანონო ტყითსარგებლობის ფაქტები გამოავლინეს.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, სამართალდარღვევები სოფლების ვარდისუბნის, ნაფარეულის, მსხალგორის, ჰერეთისკარისა და ხევისჭალას მიმდებარე ტერიტორიებზე დაფიქსირდა.
უწყების ცნობით, მოქალაქეებმა უკანონოდ მოიპოვეს სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარეები, მათი ნაწილი გადაამუშავეს, ცალკეულ შემთხვევებში კი მოპოვებული ხე-მასალის უკანონო ტრანსპორტირებასაც ახდენდნენ.
სამართალდარღვევების შედეგად ამოღებულია 2 ერთეული მრგვალი ხე-ტყე (მორი) და დაახლოებით 7 კუბური მეტრი საშეშე მერქანი.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მონაცემებით, 2026 წლის პირველი 10 თვის განმავლობაში, მხოლოდ კახეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე, ტყით უკანონო სარგებლობის 204 ფაქტი გამოვლინდა.
