ხშირ შემთხვევაში „ქართულ ოცნებას“ მოსამართლეები ეხმარებოდნენ კითხვების მოხსნით, რომ მათ არ ეპასუხათ კონკრეტული კითხვებისთვის. დღეს ჩვენ გვექნება კითხვები, მათ შორის, 2008 წლის ომთან დაკავშირებით და მოვითხოვთ კონკრეტულ პასუხებს, მათ შორის, ისეთ საკითხებზე, რომლებიც აქამდე საზოგადოებისთვის შეიძლება იყო უცნობი, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა ანა წითლიძემ საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ საკონსტიტუციო სარჩელის განხილვის განახლებამდე ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისივე თქმით, პარტია კიდევ ერთხელ დააყენებს სხდომაზე „ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლის ზაზა ბიბილაშვილის დაბრუნების შესახებ შუამდგომლობას.
„ჩვენი კითხვები გაგრძელდება ისევ საკონსტიტუციო სარჩელის მიხედვით და ყველა იმ საქმეზე, რაც წარმოდგენილია ბრალდებად „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ, ჩვენ გვექნება კითხვები და ველით პასუხს. თუმცა, წინა კვირას ჩვენს კითხვებზე პასუხმა „ქართული ოცნების“ მხრიდან ძალიან კარგად აჩვენა, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ არც ერთ ბრალდებას რეალურად არანაირი არგუმენტაცია და სამართლებრივი ლოგიკა არ აქვს და კრიტიკას ვერ უძლებს და ხშირ შემთხვევაში „ქართულ ოცნებას“ მოსამართლეები ეხმარებოდნენ კითხვების მოხსნით, რომ მათ არ ეპასუხათ კონკრეტული კითხვებისთვის. დღეს ჩვენ გვექნება კითხვები, მათ შორის, 2008 წლის ომთან დაკავშირებით, იმიტომ რომ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ბრალდება „ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ არის, რომ 2008 წელს თურმე აგრესორი ყოფილა არა რუსეთი, არამედ საქართველო. ჩვენ დავსვამთ კითხვებს და მოვითხოვთ კონკრეტულ პასუხებს, მათ შორის, ისეთ საკითხებზე, რომლებიც აქამდე საზოგადოებისთვის შეიძლება იყო უცნობი.
რაც შეეხება ზაზა ბიბილაშვილთან დაკავშირებით, ჩვენ ამ შუამდგომლობას დავაყენებთ და იმედი გვაქვს, რომ დასკვნითზე მაინც ეს შესაძლებლობა ექნება „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, რომ სრულყოფილად განახორციელოს თავისი დაცვის უფლება.
სულ 26 საქმეა საკონსტიტუციო სარჩელში წარმოდგენილი „ნაციონალური მოძრაობის წინააღმდეგ“ და აქედან 16 საქმე გაბათილდა და დღეს ჩვენ ვეცდებით, რომ საქმეები რაც დარჩა, მანდ ვანახოთ, რა არის ტყუილი და რა არის ბათილი“.- განაცხადა წითლიძემ.
ცნობისთვის, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, რევაზ ნადარაიამ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი, ზაზა ბიბილაშვილი სხდომათა დარბაზიდან 20 ნოემბერს გააძევა.
მან ეს გადაწყვეტილება ახსნა იმით, რომ ზაზა ბიბილაშვილმა მოსამართლეს სიტყვა წინა დღეებშიც არაერთხელ შეაწყვეტინა და “მიუხედავად არაერთი გაფრთხილებისა, მსგავსი ქმედება არ შეწყვიტა”.
