თუ რამე ქალთა უფლებების პირდაპირ დარღვევას წარმოადგენს, ეს კომერციული სუროგაციაა, რომელიც ქალთა ექსპლუატაციის, ჩაგვრისა და ადამიანით ვაჭრობის რისკებს ქმნის. ამასთან, მნიშვნელოვანია, ერთმანეთისგან გავმიჯნოთ კომერციული და ალტრუისტული სუროგაცია, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, ლაშა ფარულავა სოციალურ ქსელში წერს.
ლაშა ფარულავას თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ სრულად იზიარებს ქართული ეკლესიის ხედვას!
„სუროგაციის თემასთან დაკავშირებით ჩვენი პოზიცია მკაფიო და შეუვალია. ჩვენი გუნდი, პირადად მე და ჩემი მეგობრები სრულად ვიზიარებთ ქართული ეკლესიის ხედვას!
გვჯერა, რომ ადამიანის სიცოცხლე და დედობის არსი არ უნდა იქცეს გარიგების საგნად, შესაბამისად, კომერციული სუროგაცია ჩვენთვის კატეგორიულად დაუშვებელია. თუკი ის ქრისტიანულ და დემოკრატიულ ქვეყნებშია აკრძალული, მით უფრო მიუღებელია ისეთი კონსერვატიული საზოგადოებისთვის, როგორიც საქართველოა.
თუ რამე ქალთა უფლებების პირდაპირ დარღვევას წარმოადგენს, ეს კომერციული სუროგაციაა, რომელიც ქალთა ექსპლუატაციის, ჩაგვრისა და ადამიანით ვაჭრობის რისკებს ქმნის. ამასთან, მნიშვნელოვანია, ერთმანეთისგან გავმიჯნოთ კომერციული და ალტრუისტული სუროგაცია. მით უმეტეს, ინვიტრო განაყოფიერება სრულიად სხვა სამედიცინო პროცედურაა და სუროგაციის აკრძალვა მის აკრძალვას არ ნიშნავს.
ევროპული ქვეყნების მიდგომები განსხვავებულია: ზოგან სუროგაცია სრულად აკრძალულია, ზოგან კი ალტრუისტული ფორმით, მკაცრი რეგულაციებისა და ზედამხედველობის პირობებშია დაშვებული. ამ მხრივ განსაკუთრებით საინტერესოა მართლმადიდებლური საბერძნეთის გამოცდილება, სადაც ალტრუისტული სუროგაცია კანონით არის დაშვებული და სასამართლოს წინასწარ ნებართვასა და მკაცრ პირობებს ექვემდებარება.
ეს ნიშნავს, რომ უშვილო ოჯახებს შეუძლიათ ისარგებლონ ამ შესაძლებლობით არა როგორც კომერციული მომსახურებით, არამედ როგორც ადამიანური თანადგომითა და ღვთის წყალობით.
„ანტიქართული ოცნების“ პრობლემა ის კი არ არის, რომ ამ საკითხზე პოზიცია აქვს, არამედ ის, რომ მსჯელობის, არგუმენტებისა და საზოგადოებასთან საუბრის გარეშე ცდილობს აკრძალვის შემოღებას. თანაც, როცა საქმე რეალურ პრობლემებს ეხება, უცებ ქრება მათი სიმკაცრე და პრინციპულობა.
სად არის მათი შეუვალობა, როდესაც საქმე თაღლითურ ქოლცენტრებსა და ნარკოვაჭრობას ეხება?
იქ, სადაც სახელმწიფოს მკაცრი მოქმედებაა საჭირო, თავს არ იწუხებენ.
სამაგიეროდ, ამ თემაზე ფარისევლურად მაშინ ატეხეს ხმაური, როცა საკუთარი აზარტული ბიზნესისთვის გადასახადების მოხსნითა და კომუნალური ტარიფების გაძვირებით გამოწვეული უკმაყოფილების გადაფარვამ მათთვის გადარჩენის ტოლფასი გახდა.
კომერციული სუროგაცია უნდა აიკრძალოს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ საკითხი მსჯელობის გარეშე უნდა გადაწყდეს.
საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რა საფრთხეებს შეიცავს კომერციული სუროგაცია, რატომ არის საჭირო მისი აკრძალვა და როგორ უნდა დავიცვათ ალტრუისტული სუროგაციის შესაძლებლობა.
ასეთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები საზოგადოებასთან საუბარს, არგუმენტებსა და პასუხისმგებლობას მოითხოვს და არა „ოცნების“ მორიგ პოლიტიკურ მანიპულაციას,“ – წერს ლაშა ფარულავა.
ცნობისთვის, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის ირაკლი კირცხალიას განცხადებით, უმრავლესობის სხდომაზე საქართველოში სუროგაციის აკრძალვის შესახებ გადაწყვეტილება მიიღეს. როგორც კირცხალიამ აღნიშნა, გადაწყვეტილების მთავარი საფუძველია სუროგაციასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი ეთიკური და სამართლებრივი რისკები. „გადაწყვეტილების მთავარი საფუძველია სუროგაციასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი ეთიკური და სამართლებრივი რისკები, განსაკუთრებით ადამიანით ვაჭრობის – ტრეფიკინგის, ქალების შესაძლო ექსპლუატაციისა და ბავშვთა უფლებების დაცვის მიმართულებით. ავიღოთ 100%-იან ჭრილში ის მოვლენები, რომელიც ვითარდება ამ სფეროში: 98% არ არის საქართველოს მოქალაქე, ვინც სარგებლობს ჩვენს ქვეყანაში ამ სერვისით. სადღაც 2% არის საქართველოს მოქალაქე და სახელმწიფო ყველაფერს ვიზამთ, რომ ჩვენს მოქალაქეებს მაქსიმალური მხარდაჭერა გამოვუცხადოთ“, – განაცხადა კირცხალიამ.
