საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიო რაგბის ერთა თასის მატჩში მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე აშშ-ის ნაკრები დაამარცხა.
შეხვედრას „ბორჯღალოსნები“ ევროპა-აზია-აფრიკის, ხოლო აშშ ამერიკა-წყნარი ოკეანის ჯგუფის ჩემპიონების რანგში შეხვდნენ.
ანგარიში ამერიკელებმა საჯარიმო დარტყმით გახსნეს, აღსანიშნავია, რომ იმ მომენტში საქართველოს ნაკრები მოედანზე კაცნაკლული იყო – არბირტმა თორნიკე კახოიძე გაასინბინა და მეტოქემ ამ უპირატესობით ისარგებლა.
„ბორჯღალოსნები“ 28-ე წუთზე ლუკა ივანიშვილმა დააწინაურა, მის მიერ დადებული ლელო მატკავამ ზუსტად გარდასახა – 7:3.
პირველი ნახევრისთვის განკუთვნილ დროში საქართველოს ნაკრებმა კიდევ ერთი ლელოს დადება მოახერხა, თავი გიორგი შველიძემ გამოიჩინა, გარდასახვისას მატკავა კვლავ ზუსტი იყო და პირველი ტაიმი ჩვენმა გუნდმა 14:3 მოიგო.
მეორე ტაიმში საქართველოს ნაკრების უპირატესობა კიდევ უფრო თვალსაჩინო გახდა, რაც ლელოებშიც აისახა. საბოლოოდ, „ბორჯღალოსნებმა“ დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვეს და მსოფლიო რაგბის ახალი ტურნირი, ერთა თასი, წაგების გარეშე დაასრულეს.
