77 წლის ვახტანგ ჩიქოვანის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ გელა არობელიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ლელა კალიჩენკომ მიიღო.
პროკურატურა პატიმრობის გამოყენებას მოითხოვდა. ბრალდების მხარემ პროცესზე განმარტა, რომ არობელიძე არაერთხელ არის წარსულში ნასამართლევი, ამასთან დანაშაულის იარაღი გადაგდებული აქვს, გამოძიებასთან არ თანამშრომლობს.
დაცვის მხარე ამტკიცებს, რომ ბრალდებული წარსულში მძიმე დანაშაულისთვის ნასამართლევი არ არის, შესაბამისად, ადვოაკტმა 50 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების შუამდგომლობა დააყენა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 18 ნოემბერს თბილისში, ნიკოლოზ ყიფშიძის ქუჩაზე მდებარე მიწისქვეშა ავტოსადგომზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე წარმოშობილი დაპირისპირების დროს, ბრალდებულმა ცივი იარაღის გამოყენებით, განზრახ მოკვლის მიზნით, დაზარალებულს მრავლობითი დაზიანებები მიაყენა, რის შედეგადაც იგი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.
