საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის განხილვა კამათის ფონზე მიმდინარეობს – “ნაციონალური მოძრაობის“ წევრები შეეცადნენ დაედგინათ კავშირი პარტიას და იური ვაზაგაშვილის საქმეს შორის და მოითხოვეს მტკიცებულებები “ქართული ოცნების“ მხრიდან.
ანა წითლიძის თქმით, ვერ მიიღეს პასუხი, თუ რატომ მიემართებოდა ეს დანაშაული ენმ-სკენ, რადგან მათი აზრი არ არის საკმარისი მტკიცებულება სარჩელში შესატანად და თუკი არ გამოძიება არის მთავარი ბრალდება, მაშინ “ქართულმა ოცნებამ“ გასცეს პასუხი, მისი ხელისუფლების პირობებში, რატომ ვერ მოხდა ენმ-ის რომელიმე წევრის დანაშაულის დადგენა აღნიშნულ საქმეზე.
ანი წითლიძე: იური ვაზაგაშვილი ააფეთქეს 2015 წელს, როდესაც ხელისუფლებაში იყო „ქართული ოცნება“. ჩატარდა თუ არა გამოძიება და რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, ჩატარდა ეს გამოძიება, დადგა კონკრეტული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა… და ამ საქმესთან დაკავშირებით აქვს თუ არა ბრალი წაყენებული „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ რომელიმე ლიდერს ან რომელიმე წევრს?
სახელისუფლებო პარტიის დეპუტატებმა პროკურატურის ვერსია წაიკითხეს, თუ რატომ მოხდა იური ვაზაგაშვილის აფეთქება და რა იყო მოტივი და ასევე, თქვეს, რომ მათი აზრით, ეს დანაშაული სწორედ “ნაციონალურ მოძრაობას“ მიემართება.
არჩილ გორდულაძე: იური ვაზაგაშვილი წლების განმავლობაში მოითხოვდა, რომ შვილის მკვლელობის საქმეზე დადგენილიყო ჭეშმარიტება, სამართალდამცველების მკაცრად დასჯას მოითხოვდა, სამართლიანობის აღდგენას ითხოვდა. მისი შვილის მკვლელობის საქმეზე ჭეშმარიტების დადგენის მიზნით, მიზეზი გახდა იმისა, რომ იგი მოკლული შვილის საფლავზე აეფეთქებინათ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს წალკის სამმართველოს ავრანლოს პოლიციის განყოფილების დეტექტივ-გამომძიებელი გიორგი სოსანაშვილი, მეტსახელად „ბოღმა“, რომელიც 97 წლიდან მუშაობდა შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში სხვადასხვა თანამდებობაზე, მუშაობის პერიოდში მას ახლო ურთიერთობა ჩამოუყალიბდა ეგრეთ წოდებული „კორტების სპეცოპერაციაში“ მონაწილე სამართალდამცველების მიმართ და „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებიდან წასვლის შემდეგ გადაწყვიტა იური ვაზაგაშვილის განსაკუთრებული სისასტიკით მოკვლა, რითაც მისი წარმოდგენით, ნაცნობ სამართალდამცველებს თავიდან ააცილებდა სამართლებრივ პასუხისმგებლობას.
გიორგი სოსანაშვილმა გადააადგილა ზურა ვაზაგაშვილის საფლავის ქვასთან მისასვლელი ფილა და მის ქვეშ იმგვარი ფორმით დაამონტაჟა მსხვრევადი ყუმბარა, რომ ფილის გამოძრავებას აფეთქება გამოეწვია. იური ვაზაგაშვილი მივიდა შვილის საფლავზე, რა დროსაც შენიშნა საფლავის ქვასთან მისასვლელი გადაადგილებული ფილა და შეეცადა მის გასწორებას, რომლის დროსაც ხელყუმბარა აფეთქდა. იური ვაზაგაშვილი ხელყუმბარის აფეთქების მიყენებული მრავლობითი დაზიანების შედეგად, წარმოქმნილი ჭრილობებით გამოწვეული მწვავე სისხლნაკლულობით ადგილზე გარდაიცვალა. იური ვაზაგაშვილის აფეთქება პირდაპირ კავშირში არის მის შვილთან, მისი შვილის წინააღმდეგ უმძიმესი დანაშაულის არგამოძიებას და მკვლელების ხელის დაფარებასთან დაკავშირებით.
საუბარში ჩაერთო ლევან ბეჟაშვილიც, რომელიც დაინტერესდა, რა მტკიცებულებით დაადგინეს, რომ ეს ადამიანი, რომელიც ეჭვმიტანილი და ბრალდებული იყო აფეთქების საქმეში, რა კავშირში იყო „ნაციონალურ მოძრაობასთან“.
ლევან ბეჟაშვილი: ეფექტურ კონტროლს ახორციელებდით ამ გამოძიებაზე… დაადგინეთ? რა მტკიცებულებით დაადგინეთ, რომ ეს ადამიანი, რომელიც ეჭვმიტანილი და ბრალდებული იყო აფეთქების საქმეში, რა კავშირში იყო „ნაციონალურ მოძრაობასთან“?
არჩილ გორდულაძე: საგამოძიებო სამსახურები მუშაობენ და საქმე… მხოლოდ და მხოლოდ კონსტიტუციის, კანონის შესაბამისად. და ეს არის განსხვავება „ქართული ოცნების“ ხელისუფლებასა და „ნაციონალური მოძრაობის“ ავტორიტარულ რეჟიმს შორის. ეს ერთი…
ზაზა ბიბილაშვილი: იმ რეჟიმის დროს „რეჟიმის“ ხსენებისთვის ციხეში არ მიდიოდა ხალხი და დღეს „რეჟიმს“ თუ დაუძახებ, ციხეში… რომელია რეჟიმი? რომელია რეჟიმი, განსაზღვროს საზოგადოებამ! იმ რეჟიმის დროს…
თენგიზ შარმანაშვილი: ვინაიდან ამის მიზანი ეს იყო, რომ ის ადამიანები გადაერჩინა, ეს კავშირის ჯაჭვია. ეხლა, სასამართლოს შესაფასებელია, ეს ღირებულია, ეს კავშირი არსებობს თუ ეს კავშირი არ არსებობს — ჩვენთვის არსებობს.
ანა წითლიძე: დადგენილი ფაქტი — კი ან არა? ვინმეს ბრალი წაყენებული… არა, ამის აზრით ჟვანიაც მოვკალი და რაფალიანციც მოვკალი, კაცო! რას მეუბნები?!
ზაზა ბიბილაშვილი: ბრალდებულის ადვოკატი და თავად ბრალდებული მოიხმობდნენ იმ არგუმენტს, რომ არსებობდა ასეთი ადამიანი — ქალბატონი, ახალგაზრდა ქალბატონი, რომელიც ალაგებდა იმ სოფელ ყარაფილას სასაფლაოს და რომელმაც მისცა ჩვენება, რომ წინა საღამოს, უშუალოდ აი იმ აფეთქების წინა საღამოს, დაალაგა სასაფლაო და მას იქ რაიმე უჩვეულო, მით უმეტეს რაღაც ასაფეთქებელი მოწყობილობა, არ შეუნიშნავს. ახალგაზრდა ქალბატონი რამდენიმე კვირაში გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა, ამბობენ გრიპითო… მაგრამ ამ ვითარებაში გარკვევა სცადეთ თუ არა კომისიის ფარგლებში?
თენგიზ შარმანაშვილი: წინა ღამეს რომ დაალაგა, 15 წუთით ადრე არ შეიძლება ბომბის დადება?! რაღა მეტს ვლაპარაკობ საერთოდ…
ზაზა ბიბილაშვილი: პროკურატურის ვერსიაში ადრე დაიდო ის! პროკურატურის ვერსიით ადრე დაიდო ასაფეთქებელი მოწყობილობა…
თენგიზ შარმანაშვილი: დაბრძანდით რა… ბატონო ზაზა, სასაცილო მდგომარეობაში იგდებთ თქვენ თავს!
