2026 წლის 10 თვეში თბილისში გამოწერილი პარკინგის ჯარიმებიდან ბიუჯეტში შესული თანხის მოცულობა წლიურ ჭრილში 64%-ით გაიზარდა და 20.484 მლნ. ლარს გადააჭარბა.
უფრო კონკრეტულად, საქართველოს ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობების (კონსოლიდაციის გარეშე) მიხედვით, წელს იანვარ-ოქტომბერში პარკირების ჯარიმებიდან ბიუჯეტში 20 484 881 ლარი შევიდა, წინა წლის იგივე პერიოდში კი, ეს მაჩვენებელი 12 479 169 ლარი იყო.
რაც შეეხება 2025 წლის სრულ მაჩვენებელს, შარშან ბიუჯეტში აღნიშნული დარღვევიდან ჯამში, 17 527 091 ლარი შევიდა. შესაბამისად, წელს 10 თვის მაჩვენებელმა, შარშანდელი სრული წლის მონაცემს უკვე თითქმის, 3 მლნ. ლარით გადააჭარბა.
ცნობისთვის, 2022 წლის შემოდგომიდან პარკირების წესების დარღვევაზე ჯარიმები გაიზარდა და ნაცვლად 10 ლარისა, 50 ლარი გახდა.
აღსანიშნავია, რომ ფინანსთა სამინისტროს მონაცემების მიხედვით, 2026 წელს შემცირებულია ზოგადად საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ბიუჯეტში შესული თანხის მოცულობა.
უფრო კონკრეტულად, სამინისტროს მონაცემებით, წელს 10 თვეში საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის გამოწერილი ჯარიმებიდან ხაზინაში 208 195 780 ლარი შევიდა, 2025 წლის ანალოგიურ პერიოდში კი – 217 763 035 ლარის აკუმულირება მოხდა.
