რადიკალური ოპოზიციის მხრიდან არის მცდელობა, ტრაგედია გამოყენებული იყოს პირადი დღის წესრიგისთვის, რაც აბსოლუტურად მორალისგან დაცლილია, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ეს არ არის პირველი შემთხვევა.
„უპირველეს ყოვლისა, მინდა, გარდაცვლილთა ოჯახებს მივუსამძიმრო. ძალიან მძიმე ტრაგედია მოხდა. მადლობას ვუხდი მეხანძრე-მაშველებს, ექიმებს, პოლიციელებს. რაც შეეხება ოპოზიციას, რადიკალური ოპოზიციის მხრიდან მცდელობაა, რომ ეს ტრაგედია გამოყენებული იყოს პირადი დღის წესრიგისთვის, რაც აბსოლუტურად მორალისგან დაცლილია. ეს არ არის პირველი შემთხვევა და საზოგადოება უკვე მერამდენედ ხედავს მოცემულობას, როდესაც რაღაც სამწუხარო ფაქტი მოხდება და აგენტურული ოპოზიციის მიერ მცდელობაა, ეს საკუთარი მიზნებისთვის გამოიყენონ. არაერთი ასეთი პოსტი და მოწოდება ვნახეთ, რომელიც აცდენილია ტრაგიკულ ფაქტს და იმ სულისკვეთებას, რაც ზოგადად საზოგადოებაში არსებობს. რადიკალების ჭეშმარიტი სახე ჩანს, როგორ ცდილობენ ყველა უბედური შემთხვევა საკუთარი მდარე და დეგრადირებული მიზნებისთვის გამოიყენონ“, – აღნიშნა მათიკაშვილმა.
