ფონიჭალაში მომხდარი მასშტაბური აფეთქების შედეგად დაშავებული 31 წლის ილია ისაევი დამწვრობის ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება.
ექიმების ინფორმაციით, პაციენტს სხეულის 87% აქვს დამწვარი, დაზიანებული აქვს სასუნთქი გზებიც და მართვით სუნთქვაზე იმყოფება.
აფეთქება სწორედ ილია ისაევის ბინაში მოხდა. მომხდარს ექვსი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
შინაგან საქმეთა მინისტრის, სულხან თამაზაშვილის ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცმა გაზის გამათბობელი ღამით ჩართო, მოგვიანებით კი გამორთო. დილით მისი ხელახლა ანთების მცდელობას, სავარაუდოდ, ოთახში დაგროვილი აირის აფეთქება მოჰყვა.
როგორც ირკვევა, ილია ისაევი ბათუმში ცხოვრობდა და თბილისში ტრაგედიამდე ერთი დღით ადრე ჩამოვიდა. მეზობლების ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცი ამ უბანში გაიზარდა, სწავლობდა 127-ე საჯარო სკოლაში, მოგვიანებით კი ოჯახი ბათუმში გადავიდა საცხოვრებლად.
„ილია და დედამისი ბათუმში ცხოვრობენ. ახლა ჩამოსულა, წინა დღეს. ისე აქ გაიზარდა ეს ბიჭი, ჩვენს სახლთან, 127-ე საჯარო სკოლაში დადიოდა, აქ დაამთავრა სკოლა, მერე გადავიდნენ ბათუმში და ბინა დაკეტილი იყო. მე პირადად კარგა ხანია არ მინახავს“, – აცხადებს ერთ-ერთი მეზობელი.
გავრცელებული ინფორმაციით, ილია ისაევი ბავშვობაში ავტოსაგზაო შემთხვევაშიც მოყვა – მას ტრაილერი შეეჯახა და მძიმედ დაშავდა.
19 ნოემბრის ტრაგედიას 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
მთავრობის განკარგულებით, 2026 წლის 22 ნოემბერი გლოვის დღედ გამოცხადდა.
