მოქალაქე თამუნა მამათელაშვილი აცხადებს, რომ მიწისქვეშა სართულების მშენებლობის პროცესში მათი სახლის კედლები და საძირკველი დაზიანდა. მისი თქმით, მიუხედავად არაერთი მიმართვისა, შესაბამის უწყებებს რეაგირება არ მოუხდენიათ.
„უბედური შემთხვევებით და უსამართლობით სავსე ქვეყანა… არცერთი უწყება რომ თავის მოწოდების სიმაღლეზე არაა და კანონების აღსრულება რომ ნაცნობობით ხდება – მაგის შედეგს ვიმკით ყოველდღე! მეც თუ ჩამომემხო სახლი თავზე, იცოდეთ ვისი ბრალია:
უწყების, რომელმაც ნებართვა გასცა – ქუჩის მოპირდაპირე მხარეს უზარმაზარი შენობის (სავარაუდოდ სასტუმროს) მშენებლობაზე, ქალაქის ისტორიულ და ავარიულ ნაწილში, ამ შენობის მინუს ორი(!) სართულის ამოჭრისას დაზიანდა ჩვენი სახლის კედლები და საძირკველი, მაგრამ გამოძახებული პოლიცია ჩვენ გვპასუხობდა რომ მშენებლობის ნებართვა აქვთ!
უწყების რომელმაც ამავე მშენებლობაზე საექსპერტო დასკვნები გასცა, თითქოს აღნიშნული მშენებლობა არ აზიანებს გარშემო ნაგებობებს!
ექსპერტიზა როგორ ჩატარდა თუ გარშემო სახლებში არცერთი ექსპერტი არ ყოფილა და არაფერი არ დაუთვალიერებია!
უწყების, რომელმაც დაუშვა, რომ უზარმაზარი ახალი მრავალბინიანი შენობა (სავარაუდოდ სასტუმრო) დაერთებულიყო (აქ ყურადღებით წაიკითხეთ!) მე-19 (დიახ, მეცხრამეტე) საუკუნის ბოლოს ქუჩაზე გაყვანილი თიხის(!) მილებიან კანალიზაციის სისტემაზე! [თუ დანგრევას გადავურჩით, კანალიზაცია წაგვლეკავს]. და ამ ფონზე: მერიის, რომელმაც ჩვენს 2 სხვადასხვა არაადეკვატურ მეზობელს (ჩვენი არაერთი საჩივრის მიუხედავად) არ(!) აუკრძალა უკანონო სამშენებლო სამუშაოები და ბინის ერთ მხარეს ორი(!) კედელი იატაკიდან ჭერამდეა ჩაბზარული, იმის გამო რომ კედლის იქითა მხრიდან არაადეკვატური მეზობელი პერფორატორით ჭრიდა რაღაცებს. თავის მხრიდან “გიფსო-კარდონი” გააკრა და ზედამხედველობის არაპროფესიონალებმა ვერაფერი დარღვევა ვერ დაინახეს!
ხოლო ბინის სხვა მხარეს მეორე არაადეკვატურმა მეზობელმა 80 სანტიმეტრიანი კედელი 40 სანტიმეტრით შემითხელა მთელი ოთახის გაყოლებაზე, იმისთვის რომ თავისი ტუალეტი გაედიდებინა. აქაც მიუხედავად ბევრი საჩივარისა, ფოტოებით და ახსნა-განმარტებებით, ზედამხედველობის არაპროფესიონალებმა ვერ აღიქვეს დარღვევები!
ჰო და ამ ყველაფრის ფონზე – მშენებლობის კანალიზაცია გაჰყავთ თუ ღობისთვის თხრიან მიწას, ჩვენს სახლში 8 ბალიანი მოწისძვრაა, ყველა კარადაში ყველა ჭურჭელი ზრიალებს.
პ. ს. ჩვენი სახლის ვითომ რესტავრაცია რომ ჩატარდა რამდენიმე წლის წინ, მაშინ კომისიამ, გამგეობამ და მერიამ გვითხრეს რომ თქვენი ბინა კარგად არაა დანგრეული და გამაგრება თქვენ არ გჭირდებათო…“ – წერს მოქალაქე თამუნა მამათელაშვილი სოციალურ ქსელში.
