საქართველოში გერმანიის საელჩოს განცხადებით, ტელეკომპანია „რუსთავი 2-მა” არასწორად გააშუქა გერმანიის ახალი ელჩის, ბარბარა ფოსისა და საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის შეხვედრა. 18 ნოემბერს „კურიერში“ არხმა ზურაბიშვილის საელჩოში სტუმრობა „ფარულ შეხვედრად“ აღწერა.
19 ნოემბერს საელჩომ ფეისბუკზე დაწერა, რომ დიპლომატების ერთ-ერთი ამოცანაა, ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე ინფორმაცია პოლიტიკურ და სამოქალაქო ჯგუფებთან ღია დიალოგით მიიღონ. „ეს საქართველოშიც უნდა იყოს შესაძლებელი“, – წერს საელჩო.
„ჟურნალისტებისთვის აუცილებელია ინფორმაციის ზედმიწევნით გადამოწმება. არასწორი ინფორმაციის მიზანმიმართული გავრცელება ხელს უშლის საზოგადოებრივ დისკურსს და ორმხრივ ურთიერთობებს საქართველოსა და გერმანიას შორის“, – ნათქვამია განცხადებაში.
„პროფესიონალიზმი ესაა!“ – დაწერა სალომე ზურაბიშვილმა საელჩოს პოსტის კომენტარებში.
„რუსთავი 2-ის” ინფორმაციით, 18 ნოემბერს ზურაბიშვილი გერმანიის საელჩოში დღის პირველ ნახევარში მივიდა. არხმა ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ შეხვედრის შემდეგ ზურაბიშვილი საელჩოს ეზოდან დიპლომატიური მისიის ავტომობილით გაიყვანეს. „კურიერის“ ცნობით, შეხვედრის მიზნის გასარკვევად არხმა საელჩოს წერილობით მიმართა, თუმცა პასუხი ვერ მიიღო.
სიუჟეტში „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ამტკიცებდნენ, რომ ასეთ შეხვედრებზე მათი ოპონენტები უცხოეთიდან დავალებებს იღებენ.
„ისინი არ ატარებენ ქართული სახელმწიფოს ინტერესებს, ჩვეულებრივი აგენტები არიან“, – თქვა თბილისის მერმა კახა კალაძემ.
თავად ზურაბიშვილმა 18 ნოემბერს, საღამოს, თქვა, რომ ბარბარა ფოსთან გაცნობითი შეხვედრა ჰქონდა. მისი თქმით, დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ გერმანია საქართველოსთვის მნიშვნელოვანი პარტნიორია. ზურაბიშვილის განცხადებით, გერმანიის წინა ელჩთანაც აქტიურად თანამშრომლობდა.
„რუსთავი 2-მა” ასევე აღნიშნა, რომ აგვისტოში საქართველოში ჩამოსულ გერმანიის ელჩს „გაცნობითი შეხვედრა“ ჯერ არ ჰქონია მოქმედ პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილთან.
