17 წლის დავით ნარიმანიძის მკვლელობის საქმეზე სასამართლო მტკიცებულებების გამოკვლევას აგრძელებს.
დღეს სხდომა იმ სუფრის წევრების დაკითხვით გაგრძელდა, ვინც საბედისწერო დღეს ლოტკინზე იყო და სადღეგრძელოს გამო დაწყებულ სისხლიან ანგარიშსწორებას შეესწრო.
პროცესს ესწრება განსაკუთრებული სისასტიკით მოკლული არასრულწლოვნის დედა. როგორც ეკა მხატვრიშვილმა სხდომის დაწყებამდე განაცხადა, ბრალდებული უმაღლესი სასჯელით უნდა დაისაჯოს.
გუშინ მქონდა შესაძლებლობა დავსწრებულიყავი. არაფერი მიზეზი არ ყოფილა, შევიდა ნასვამ მდგომარეობაში, შესვლიდან 2 წუთში, დათო ჰყავს გაყვანილი სუფრიდან, იმ მიზეზით, რატომ არ დგახარ, გამოდი და ვილაპრაკოთო. რადგან არის არასრულწლოვანი, ამას ხშირად დავაკონკრეტებ, არ მოველი უვადო პატიმრობას, მაგრამ ჩემი სურვილია, რომ იქნებ როგორმე შეიცვალოს ეს კანონმდებლობა, მკვლელი უნდა იყოს დასჯილი და უნდა ჰქონდეს კანონის უმაღლესი ზომა, ეს არის ჩემი მოთხოვნა , – ამბობს დედა.
მკვლელობა თბილისში 10 სექტემბერს მოხდა – გამოძიებით დადგინდა, რომ თბილისში, ნ.ხუდადოვის ქუჩაზე მდებარე სამწვადეში, ბრალდებულს შელაპარაკება მოუხდა მეგობრებთან ერთად სუფრაზე მყოფ არასრულწლოვანთან, რის შემდეგაც შეკრების ადგილიდან მოშორებით გაიყვანა და შელაპარაკების დროს დანით ჭრილობები მიაყენა. მიღებული დაზიანებების შედეგად არასრულწლოვანი ადგილზე გარდაიცვალა.
მკვლელობაში ბრალდებულს ახლა 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება. ირკვევა ისიც, რომ სკოლის მოსწავლე თავისუფლებაზე გირაოს სანაცვლოდ იმყოფებოდა. მან გირაო არ გადაიხადა, თუმცა სისტემას თვეების განმავლობაში არ მოუკითხავს, რატომ არ ასრულებდა გირაოს პირობებს ბრალდებული.
