დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში, მათ შორის ბულაჩაურსა და ჭოპორტში, ადგილობრივები საეჭვო პირების გადაადგილების, კერძო სახლებში უნებართვოდ შეღწევისა და სავარაუდო ქურდობის გახშირებულ შემთხვევებზე საუბრობენ.
პრობლემის შესახებ “მთავარს” ერთ-ერთი ადგილობრივი მოქალაქე დაუკავშირდა. მისი თქმით, ბოლო თვეების განმავლობაში დუშეთის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სოფელში უცნობი პირების ჯგუფების გადაადგილება გახშირდა. მისივე ცნობით, ისინი კერძო ეზოებში დაუკითხავად შედიან, ხოლო სახლში არავინ თუ დახვდებათ, ნივთებსა და ძვირფასეულობას ეძებენ და, სავარაუდოდ, იპარავენ.
მოქალაქე გვიყვება, რომ მსგავსი შემთხვევის თვითმხილველი თავადაც გახდა. მისი თქმით, ბულაჩაურში, ოჯახის წევრის სახლში, სამი ქალი უნებართვოდ შევიდა და საძინებელ ოთახში საწოლებსა და ნივთებს ათვალიერებდა. მოქალაქის მონათხრობით, ისინი ოთახიდან მხოლოდ მას შემდეგ გავიდნენ, რაც ოჯახის წევრებს შეამჩნიეს და წასვლის მიზეზად მედიკამენტების ძებნა დაასახელეს.
მოქალაქის თქმით, ადგილობრივებს აქვთ ვიდეომასალა, ფოტოები და თვითმხილველთა ინფორმაცია. მათი განცხადებით, მომხდარის შესახებ სამართალდამცველებიც ინფორმირებულები არიან, თუმცა მოსახლეობა მიიჩნევს, რომ არსებული რეაგირება საკმარისი არ არის.
მთავარი აღნიშნულ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროში ამოწმებს და უწყების პოზიციის მიღებისთანავე მასალა განახლდება.
