სანამ ღირსეულად არ მოეპყრობიან საქართველოს, ქართველ ხალხს და სახელმწიფოებრიობას, მანამდე ჩვენ არ ვიქნებით იქ, სადაც სათანადოდ არ გვეპატიჟებიან, – ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც გამოეხმაურა იმ ფაქტს, რომ საქართველომ, რომელიც ელჩის დონეზე იყო მიწვეული, დაკავშირებადობის საკითხზე მინისტერიალში მონაწილეობა არ მიიღო.
მისი თქმით, მიუღებელია მიდგომა, როდესაც შეხვედრაზე საქართველოს მთავრობის სრულუფლებიანი წარმომადგენლის ნაცვლად, დაბალი დონის წარმომადგენლობას იწვევენ.
“მონაწილეობა არ მივიღეთ კი არა, ჩვენ ვფიქრობთ ასე და მე მგონი, საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა დამეთანხმება, რომ ჩვენ არა ვართ ტერიტორია, რომელმაც ელემენტარულად ტვირთები უნდა გაატაროს. ჩვენ ვართ სახელმწიფო, რომელმაც ამ დაკავშირებადობისათვის თავისი წილი პასუხისმგებლობაც აიღო 90-იან წლებში და რუსული აგრესიაც გამოიწვია ამის გამო. ამიტომ დღეს ვიღაცა ევროჩინოვნიკი ამ გაბრაზებულობის გამო, რომ თავისი ვიწროპოლიტიკური ამოცანა ვერ შეასრულა საქართველოში, ფიქრობს, რომ შეუძლია საქართველო რუკიდან ასე წაშალოს, ტერიტორიად აქციოს და საქართველოს მთავრობის სრულუფლებიანი წარმომადგენელი კი არ მიიწვიოს ამ შეხვედრაზე, არამედ რაღაცა, ასე ვთქვათ, დაბალი დონის წარმომადგენლობით უზრუნველყოს, თითქოს ჩვენ სახელმწიფო კი არა, რაღაცა ტერიტორია ვართ, რომელსაც გარე მმართველობა სჭირდება. ამიტომ სანამ არ გაათვითცნობიერებენ, რომ მათი პოლიტიკური მარცხი საქართველოში არ ნიშნავს საქართველოს გაქრობას და გეოპოლიტიკური მოცემულობის გაქრობას დედამიწაზე, სანამ ღირსეულად არ მოეპყრობიან საქართველოს, ქართველ ხალხს და სახელმწიფოებრიობას, მანამდე ჩვენ არ ვიქნებით იქ, სადაც არ გვეპატიჟებიან სათანადოდ”, – აღნიშნა ქადაგიშვილმა.
