Wednesday, November 18, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home მოგზაურობა

რა შემთხვევაში გადის უძრავი ქონება აუქციონზე და შესაძლებელია თუ არა გამოსახლების თავიდან აცილება – ის, რაც მსესხებლებმა უნდა იცოდნენ

November 18, 2026
რა შემთხვევაში გადის უძრავი ქონება აუქციონზე და შესაძლებელია თუ არა გამოსახლების თავიდან აცილება – ის, რაც მსესხებლებმა უნდა იცოდნენ

რა შემთხვევაში გადის უძრავი ქონება აუქციონზე და შესაძლებელია თუ არა გამოსახლების თავიდან აცილება – ის, რაც მსესხებლებმა უნდა იცოდნენ
უძრავი ქონების სესხის უზრუნველყოფის მიზნით იპოთეკით დატვირთვა ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ფორმა, თუმცა მსესხებლის მხრიდან საკმაოდ რისკიანი გადაწყვეტილებაა. ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, პირი საცხოვრებლის დაკარგვის საფრთხის წინაშე დგება.

იურისტი თამთა გელაშვილი „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას განმარტავს, რომ საბანკო და კერძო პირებისგან, ე.წ. მევახშეებისგან აღებულ სესხებს შორის მკვეთრი განსხვავებებია როგორც ხელშეკრულების პირობების, ისე ქონების რეალიზაციის პროცედურების თვალსაზრისით.

იურისტის თქმით, ბანკებთან ურთიერთობისას ერთ-ერთი მთავარი რისკი ხელშეკრულებაში გათვალისწინებული პირობებია. კერძოდ, როგორც თამთა გელაშვილი აღნიშნავს, ზოგ შემთხვევაში, მსესხებლის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის შემდეგ, ბანკს სასამართლო პროცედურების გარეშე, გამარტივებული წესით, ქონების კერძო აუქციონზე გატანაც შეუძლია. სხვა შემთხვევაში კი პროცესი სასამართლოსა და აღსრულების ეროვნული ბიუროს მონაწილეობით მიმდინარეობს.

რაც შეეხება კერძო გამსესხებლებთან ურთიერთობისას, იურისტი ამბობს, რომ აქ მდგომარეობა გაცილებით მძიმეა, ვინაიდან სესხის ნაცვლად მოქალაქეები ხშირად ისეთ ხელშეკრულებებს აფორმებენ, რომელთა შედეგადაც უძრავი ქონება შესაძლოა, ძალიან მოკლე დროში გამსესხებლის საკუთრებაში გადავიდეს.

არსებობს თუ არა ასეთ დროს აუქციონის შეჩერების სამართლებრივი ბერკეტები, შეუძლია თუ არა მსესხებელს სესხის რესტრუქტურიზაციის მოთხოვნა, რა განსხვავებაა ბანკისა და კერძო გამსესხებლის მიერ დაწყებულ პროცედურებს შორის და რა უნდა იცოდეს მოქალაქემ, სანამ საკუთარ ბინას სესხის უზრუნველყოფის მიზნით დატვირთავს – ამ და სხვა საკითხებზე „ბიზნესპრესნიუსი“ იურისტ თამთა გელაშვილს ესაუბრა.

რა შემთხვევაში შეუძლია ბანკს მსესხებლის ბინის დაყადაღება და შემდეგ აუქციონზე გატანა? რა პროცედურებია მთელ ამ პროცესში?

როდესაც საბანკო სისტემაზე ვსაუბრობთ, ეს პროცესი ძირითადად ბანკთან დადებული ხელშეკრულებებით წესრიგდება. მოგეხსენებათ, ეს ხელშეკრულებები ხშირად საკმაოდ მოცულობითია, ძალიან წვრილი შრიფტით არის დაწერილი და მომხმარებლისთვის შესაძლოა გაუგებარიც იყოს.

ბანკები ხელშეკრულებებში ხშირად ითვალისწინებენ ისეთ პირობებს, რომელთა საფუძველზეც სასამართლო პროცედურების გარეშე, ე.წ. გამარტივებული წარმოებით, შესაძლებელია უძრავი ქონების კერძო აუქციონზე გატანა. ეს შედარებით სწრაფი პროცესია.

ზოგჯერ ხელშეკრულებაში ისეთი პუნქტია ჩადებული, რომ ქონება შეიძლება მესამე პირის მფლობელობაში გადავიდეს ან უშუალოდ საკრედიტო ორგანიზაციამ შეიძინოს და მესაკუთრე თავად გახდეს. თუმცა არსებობს ისეთი ხელშეკრულებებიც, რომლებშიც გათვალისწინებულია, რომ ბანკს სასამართლოს გარეშე აუქციონზე უძრავი ქონების გატანა არ შეუძლია.

ორივე შემთხვევაში საუბარია ვითარებაზე, როდესაც მსესხებელი ვალდებულებას ვერ ასრულებს და ხელშეკრულებით გათვალისწინებულ თანხას ვერ იხდის.

ასეთ დროს, როგორც წესი, მსესხებელს გადახდისთვის ძალიან შემჭიდროებული ვადები აქვს, შეღავათები ხშირად არ არის გათვალისწინებული, ხოლო ბანკი საკმაოდ მაღალ პროცენტს, ჯარიმასა და პირგასამტეხლოს აკისრებს. ამის შემდეგ იწყება ქონების რეალიზაციის პროცესი.

როდესაც ქონება გაიყიდება, ახალი მესაკუთრე იწყებს გამოსახლების პროცედურებს. უშუალოდ ბანკი არ ახორციელებს გამოსახლებას, თუ, რა თქმა უნდა, ქონება მის საკუთრებაში არ გადავიდა და თავად არ შეიძინა. გამოსახლების პროცედურებს იწყებს ის პირი, რომელიც აუქციონზე ბინას შეიძენს.

როგორც ცნობილია, აუქციონზე უძრავი ქონება ხშირად საბაზრო ღირებულებაზე გაცილებით ნაკლებ ფასად იყიდება. შესაბამისად, როდესაც ახალი მესაკუთრე გამოჩნდება, მას უკვე შეუძლია დაიწყოს ძველი მესაკუთრის გამოსახლების პროცედურები.

რამდენად რთულია უშუალოდ გამოსახლების პროცესი? შეუძლია თუ არა ახალ მესაკუთრეს, აუქციონზე ბინის შეძენის შემდეგ, დაუყოვნებლივ მოითხოვოს იქ მცხოვრები ადამიანის გაყვანა?

გამოსახლების პროცედურა მარტივი არ არის. გამოსახლებას ცალსახად სჭირდება სასამართლო. როგორც ადრე იყო, პოლიციის მეშვეობით გამოსახლება აღარ ხდება.

ანუ როდესაც აუქციონზე ქონება გაიყიდება, ამის შემდეგ კიდევ ერთი სასამართლო პროცესია საჭირო იმისთვის, რომ ახალმა მესაკუთრემ ძველი მესაკუთრის გამოსახლება შეძლოს.

პირველი სასამართლო პროცედურებიც დროში გაწელილია, იქიდან გამომდინარე, რომ სასამართლო გადატვირთულია. შემდეგ კი გამოსახლების პროცესიც აღსრულების ეროვნულ ბიუროში ხშირ შემთხვევაში საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში ჭიანურდება.

თუმცა, სამწუხაროდ, საბოლოოდ მაინც იმ შედეგამდე მივდივართ, რომ ადამიანი საცხოვრებლიდან უნდა გამოასახლონ.

ზოგ შემთხვევაში ახალი მესაკუთრე და ძველი მესაკუთრე თანხაზე თანხმდებიან. ხდება შეთანხმება, რომლის საფუძველზეც ძველი მესაკუთრე გარკვეული თანხის სანაცვლოდ ტოვებს საცხოვრებელს და უარს ამბობს საკუთრების უფლებაზე. თუმცა არის შემთხვევებიც, როდესაც შეთანხმება ვერ მიიღწევა და გამოსახლება ხდება.

რაც შეეხება ე.წ. მევახშეებს, რამდენად განსხვავდება ეს საბანკო სისტემისგან და რატომ არის კერძო გამსესხებლებთან ურთიერთობა განსაკუთრებით პრობლემური?

მართალია, მევახშე სამართლებრივი ტერმინი არ არის, თუმცა საზოგადოებაში ასეა დამკვიდრებული. ამ შემთხვევაში საქმე უფრო რთულად არის.

ხშირ შემთხვევაში იდება არასწორი ხელშეკრულებები, არასწორი პირობებით. თანხის გადახდა ხდება ხელზე აღებით, რის გამოც შემდეგ მისი გადახდის ფაქტი შესაძლოა, ვერაფრით დადასტურდეს.

ადამიანი მევახშისგან გაცილებით ნაკლებ თანხას იღებს, ვიდრე საბოლოოდ გადასახდელი ვალდებულება ხდება. სამწუხაროდ, პროცენტები იმდენად იზრდება, რომ თანხის დაბრუნება ფაქტობრივად, წარმოუდგენელი ხდება. ზოგჯერ საუბარია სამმაგ და ოთხმაგ ოდენობებზე.

ამ შემთხვევებში ხშირად ისეთი სახის ხელშეკრულებებს აფორმებენ, როგორიცაა: ნასყიდობა გამოსყიდვის უფლებით. ამ ხელშეკრულების შინაარსი შეიძლება ითვალისწინებდეს, რომ ბინა ძალიან სწრაფად გადავიდეს უშუალოდ ფულის გამსესხებლის საკუთრებაში. შედეგად, როდესაც ქონება უკვე მის საკუთრებაშია, გამსესხებელს ძალიან დიდი ბერკეტი უჩნდება.

შესაძლოა, ადამიანს 20 000 დოლარი ჰქონდეს ნასესხები, ხოლო მევახშე ბინის გამოსყიდვის სანაცვლოდ 80 000 ან 100 000 დოლარს ითხოვდეს. ასეთი შემთხვევები საკმაოდ ხშირია.

როდესაც ადამიანი ამ თანხას ვერ იხდის, ვითარება კიდევ უფრო რთულდება. ბოლო პერიოდში საქართველოში გამოსახლებებთან დაკავშირებული მძიმე შემთხვევებიც გახშირდა. ამ დღეებში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ერთ-ერთ გამოსახლებას ადამიანის გარდაცვალება მოჰყვა. ვფიქრობ, ამ ყველაფრის საფუძველში როგორც სამართლებრივი ხარვეზები, ისე ადამიანური ფაქტორები დგას.

როდესაც ადამიანს მიაჩნია, რომ მის მიმართ უსამართლობა ხდება, მაგალითად, 20 000 დოლარის ნაცვლად 80 000 ან 100 000 დოლარს სთხოვენ, ეს ბუნებრივია, ძალიან მძიმე პროტესტს იწვევს. სწორედ ასეთი გარემოებები უდევს საფუძვლად ბევრ მძიმე შემთხვევას.

არსებობს თუ არა რაიმე სამართლებრივი გარემოება, რომელიც ბინის აუქციონზე გატანას შეაჩერებდა? აქვს თუ არა მსესხებელს უფლება, მოითხოვოს სესხის რესტრუქტურიზაცია ან რაიმე გზით შეაჩეროს პროცესი?

თუ ბანკების შემთხვევაზე ვსაუბრობთ, რა თქმა უნდა, გარკვეული სამართლებრივი ბერკეტები არსებობს. თუ ადამიანი დროულად მიმართავს იურისტს, შესაძლოა, მან აუქციონის შეჩერების საფუძველი მოძებნოს. თუმცა, ასეთი მარტივი და ცალსახა საფუძველი, სამწუხაროდ, არ არსებობს.

იურისტის ჩართულობით შესაძლებელია პროცესის გარკვეული დროით გადავადება, მხარეებს შორის მორიგების მიღწევა ან თანხის რესტრუქტურიზაციაზე შეთანხმება. თუმცა, ეს უკვე ბანკზეა დამოკიდებული. ბანკს ხელშეკრულებაში წინასწარ არ აქვს გაწერილი მორიგების მზა პირობები, ამიტომ თითოეული შემთხვევა ინდივიდუალურად განიხილება.

რაც შეეხება კერძო აუქციონს, რომელზეც ზემოთ ვისაუბრეთ, აქაც არსებობს გარკვეული სამართლებრივი გზები, რომლითაც იურისტმა შესაძლოა, პროცედურების გახანგრძლივება შეძლოს. თუმცა ამას რიგითი მოქალაქე საკუთარი რესურსებით, როგორც წესი, ვერ გააკეთებს. ასეთი პროცედურების განხორციელება იურისტებისთვისაც კი რთულია.

შესაბამისად, აუქციონის შეჩერება ან თუნდაც გადავადება მარტივი არ არის. კანონში არ გვაქვს ისეთი ცალსახა და მარტივი ჩანაწერი, რომელიც ამ პროცესს ავტომატურად შეაჩერებდა.

რაც შეეხება უშუალოდ გამოსახლების პროცესს, აქ აღსრულების ეროვნული ბიურო უფრო მეტ გარემოებას ითვალისწინებს. მაგალითად, ცხოვრობენ თუ არა სახლში არასრულწლოვანები, ხანდაზმულები, ავადმყოფები და სხვა მოწყვლადი პირები. ამ ფაქტორების გათვალისწინებით შესაძლებელია აღსრულების ანუ გამოსახლების პროცესის რამდენჯერმე გადავადება.

თუმცა, სამწუხაროდ, ადრე თუ გვიან მაინც დგება შედეგი, რომ ადამიანი საცხოვრებლიდან უნდა გამოასახლონ. ვფიქრობ, ამ საკითხში სახელმწიფოს ჩართულობა აუცილებელია, რადგან ადამიანი საბოლოოდ ღია ცის ქვეშ არ უნდა დარჩეს.

რამდენად კანონიერია, როდესაც აუქციონზე უძრავი ქონება საბაზრო ღირებულებაზე მნიშვნელოვნად ნაკლებ ფასად იყიდება?

თუ საკითხს მხოლოდ სამართლებრივი თვალსაზრისით შევხედავთ, აუქციონზე ქონების საბაზრო ღირებულებაზე ნაკლებ ფასად გატანა თავისთავად სამართლებრივ შეცდომას არ წარმოადგენს.

თუმცა, ცალკე საკითხია, რამდენად სამართლიანია თავად ეს კანონი და რამდენად სამართლიანია ასეთი ჩანაწერი. ძალიან ცუდია, როდესაც მაღალი საბაზრო ღირებულების მქონე ქონება აუქციონზე ძალიან დაბალ ფასად იყიდება.

შესაძლოა, საბანკო სესხი ბინის ღირებულებასთან შედარებით საკმაოდ მცირე იყოს, მაგრამ ბანკისთვის ქონების დაბალ ფასად გაყიდვაც ხელსაყრელი აღმოჩნდეს, რადგან ამ გზით გაცემული კრედიტის თანხას დაიბრუნებს.

თუ ბინა აუქციონზე იმაზე ძვირად გაიყიდა, ვიდრე მსესხებლის საბანკო ვალდებულებაა, ვის ეკუთვნის დარჩენილი თანხა?

თუ ქონება დავალიანებაზე მეტ თანხად გაიყიდა, ზედმეტი თანხა წესით ყოფილ მესაკუთრეს უნდა დაუბრუნდეს. თუმცა ასეთი შემთხვევა, როდესაც ბინა აუქციონზე ვალდებულების ოდენობაზე გაცილებით ძვირად იყიდება, ალბათ, იშვიათი იქნება.

რა უნდა გაითვალისწინოს მსესხებელმა, სანამ უძრავ ქონებას სესხის უზრუნველყოფის მიზნით დატვირთავს? რამდენად საფრთხილოა ასეთი გარიგების დადება?

დღეის მდგომარეობით, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული ნებისმიერი გარიგების დადება დიდ რისკებთან არის დაკავშირებული, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც სესხის უზრუნველყოფა სწორედ უძრავი ქონებით ხდება.

კანონმდებლობის თვალსაზრისით არის სამართლებრივი ხვრელები, რომლებსაც არაკეთილსინდისიერად მოქმედი პირები საკუთარი ინტერესებისთვის იყენებენ.

ჩემი აზრით, სანამ ადამიანი უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ ნებისმიერ ხელშეკრულებას გააფორმებს, აუცილებელია, იურისტთან კონსულტაცია გაიაროს. მესმის, რომ ეს გარკვეულ ხარჯებთან არის დაკავშირებული, თუმცა თუ ამის შესაძლებლობა არ აქვს, მინიმუმ თავად უნდა გაეცნოს ინფორმაციას და კარგად გააანალიზოს, რას აწერს ხელს.

მაგალითად, საბანკო კრედიტის აღების დროს აუცილებლად უნდა იცოდეს, რა პირობებს ეთანხმება, როგორ ხდება უძრავი ქონების რეალიზაცია, რა შემთხვევაში აქვს ბანკს ქონების აუქციონზე გატანის უფლება და რამდენი დღის ან თვის ვადაგადაცილების შემდეგ შეიძლება დაიწყოს ეს პროცესი.

ეს თითქოს მცირე დეტალებია, მაგრამ მათი ცოდნა მნიშვნელოვანია, რათა ვალდებულების შესრულების გართულების შემთხვევაში ადამიანმა დროულად მოახდინოს რეაგირება.

რაც შეეხება კერძო გამსესხებლებს, აქ გაცილებით მეტი სიფრთხილეა საჭირო. როგორც აღვნიშნე, ხშირად ხდება ე.წ. თვალთმაქცური გარიგებების დადება. ადამიანს ჰგონია, რომ სესხის ხელშეკრულებას აფორმებს, სინამდვილეში კი ნასყიდობა გამოსყიდვის უფლებით ხელშეკრულებას აწერენ ხელს.

ამ დროს მოქალაქემ აუცილებლად უნდა იცოდეს, რას გულისხმობს ნასყიდობა გამოსყიდვის უფლებით, რას ნიშნავს იპოთეკის ხელშეკრულება, რას ითვალისწინებს სესხისა და ბინათსარგებლობის ხელშეკრულებები, რა პირობებით გადადის საკუთრება, როდის შეიძლება მოხდეს ქონების რეალიზაცია და რა სამართლებრივი საფუძვლით.

ასეთი ხელშეკრულებების დადებისას შესაძლოა პირდაპირ ნოტარიუსთან გაფორმდეს სააღსრულებო ფურცელიც, რის შედეგადაც ქონების რეალიზაცია სასამართლო პროცედურების გარეშე გახდეს შესაძლებელი.

ამიტომ ეს დეტალები წინასწარ კარგად უნდა ჰქონდეთ გააზრებული. ადამიანებმა უნდა იცოდნენ, რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს მათ მიერ ხელშეკრულებაზე ხელის მოწერას, რათა იმ შემთხვევაშიც კი, თუ ვალდებულების შესრულებას ვეღარ შეძლებენ, მაქსიმალურად იყვნენ დაცულები და დაზღვეულები.

თუ მსესხებელი მიიჩნევს, რომ ახალი მესაკუთრე ან კერძო გამსესხებელი მის მიმართ უსამართლო პირობებს აყენებს, აქვს თუ არა უფლება, სასამართლოს მიმართოს? რამდენად რეალურია, რომ ასეთ დავაში საკუთარი უფლებების დაცვა შეძლოს?

როდესაც ქონება უკვე გასხვისებულია, ფაქტობრივად, ძველ მესაკუთრეს ძალიან ცოტა სამართლებრივი ბერკეტი რჩება, რომ რაიმე მსგავსი გააკეთოს. განაგრძეთ კითხვა…

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “სანამ ვიღაც ევროჩინოვნიკი, გაბრაზებული იმის გამო, რომ თავისი ვიწროპოლიტიკური ამოცანა ვერ შეასრულა, არ გააცნობიერებს, რომ არ შეუძლია საქართველო რუკიდან ასე წაშალოს და სანამ სათანადოდ არ გვეპატიჟებიან, იქამდე იქ არ ვიქნებით!”- რას ამბობს ირაკლი ქადაგიშვილი
  • მნიშვნელოვანი ინფორმაცია პირადობის მოწმობებთან დაკავშირებით
  • “სალომე სამადაშვილზეა ნათქვამი: „ქურდს ქუდი ეწვისო“ – ისტორიას ვერ გადაწერთ, ნათქვამ სიტყვას ვერ წაშლით”- რას ამბობს შალვა პაპუაშვილი

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge