საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის სარჩელის განხილვა “ქართული ოცნების” წარმომადგენლის, არჩილ გორდულაძის გამოსვლით განახლდა.
საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ მხარეებს უთხრა, რომ გუშინდელ სხდომაზე დასრულდა მოსამართლესთან შეკითხვები მხარეებისადმი – დღეს კი სასამართლო უშუალოდ მხარეებისადმი ერთმანეთის შეკითხვების დასმის ეტაპზე გადადის.
ვიდრე კითხვების დასმა დაიწყებოდა, არჩილ გორდულაძემ სურვილი გამოთქვა, წარედგინა “ძალადობრივი აქციების მხარდამჭერი, წამქეზებელი, მომწოდებელი პოლიტიკური პარტიების განცხადებები, რომელიც საჯარო სივრცეში არსებობს”.
არჩილ გორდულაძემ სიტყვით გამოსვლისას 2023 წლის მარტის აქციები გაიხსენა, როცა აქტივისტი ლაზარე გრიგორიადისი “მოლოტოვის კოქტეილის” სროლის გამო დააკავეს.
მისი თქმით, “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერები აქტივისტს მხარდაჭერას ღიად უცხადებდნენ. “ოცნების” წევრმა აქ ლევან ხაბეიშვილის, მიხეილ სააკაშვილის, ანა წითლიძისა და სხვა პოლიტიკური ლიდერების განცხადებები გაიხსენა.
გორდულაძე: ნიკა გვარამიამ მხარდაჭერა გამოუცხადა: “მე ვარ ლაზარე, შენ ხარ ლაზარე, ყველანი ვართ ლაზარეები და ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ეს ბიჭი გათავისუფლდეს” – გორდულაძემ გვარამიას ციტიორება მოახდინა.
გორდულაძე: “ახალის” წევრმა მაია კოპალეიშვილმა ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილებას მიკერძოებული უწოდა, ძალადობრივ აქციას კი — სამართლიანი და მშვიდობიანი პროტესტი.
ამის შემდეგ “ოცნების” წევრს, გიგა ლემონჯავას, ზურა გირჩი ჯაფარიძის, ნიკა მელიასა და “ძლიერი საქართველო — ლელოს” ლიდერის, მამუკა ხაზარაძის, ლელოს წევრის სალომე სამდაშვილის, ბადრი ჯაფარიძის მხარდამჭერი განცხადებები მოჰყავს.
გორდულაძემ თქვა ისიც, რომ “გიორგი გახარიამ 2023 წლის მარტის აქციები მშვიდობიანად შეაფასა”.
ამის შემდეგ ექს-პრემიერის თანაგუდნელი, ბერდია სიჭინავა შეეცადა გამომსვლელისთვის ეპასუხა, თუმცა ის რევაზ ნადარაიმ გააფრთხილა: ბატონო ბერდია, ამ საკითხთან დაკავშირებით, თუ რაიმე შეკითხვები გაგიჩნდებათ ან განსხვავებული შეფასებები გექნებათ, კიდევ ერთხელ ვამბობ, ამისთვის დარჩა დასკვნის სიტყვა.
“ეს არის მტკიცებულებათა გამოკვლევის ეტაპი, ეს არის დისკრიმინაციული მიდგომა, როდესაც ერთი მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების გამოკვლევის ეტაპში ჩვენ არ ვმონაწილეობთ, ეს არის ჩვენი პოზიცია”- მიმართა სასამართლოს სიჭინავამ.
სხდომაზე ნადარაიას ნიკა გვარამიამაც მიმართა – ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ამბობს, რომ “ოცნების” წარმომადგენელმა საკუთარი პოზიცია დააფიქსირა. ამ შენიშვნის შემდეგ რევაზ ნადარაია გორდულაძეს მოუწოდა, თავი შეეკავებინა შეფასებებისგან და მხოლოდ ფაქტები წარმოედგინა.
2024 წლის შემოდგომა-ზამთარში მიმდინარე საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით გორდულაძემ ლევან ხაბეიშვილის, მიხეილ სააკაშვილის, თინა ბოკუჩავასა და ნიკა მელიას კომენტარებს, ასევე “დროას” ლიდერის, ელენე ხოშტარიას განცხადები გაიხსენა, რომელშიც გორდულაძის თქმით, ის ამბობს, რომ თავად არის აქციების ორგანიზატორი და პასუხისმგებლობასაც საკუთარ თავზე იღებს.
ამის შემდეგ ზაზა ბიბილაშვილმა მოსამართლეს მიმართა: “დასკვნითი სიტყვის უფლება ორივე მხარეს აქვს, შეკითხვების დასმის უფლება ორივე მხარეს აქვს, ეს რაღაც ბონუს-ეტაპი აქვს მოსარჩელე მხარეს? სიცრუე არ უნდა დაილექოს. ჩვენც უნდა მოგვეცეს ანალოგიურ ფორმატში სიტყვის თქმის უფლება”.
“ჩვენ როდის და რა ფორმატში გვექნება ამაზე სიტყვის თქმის უფლება? მხარეს ექსტრა-უფლება ეძლევა?” – იკითხა პოლიტიკოსმა.
