თბილისის მეტროს ვაგონების რემონტისთვის გამოყოფილი 41 მილიონი ლარის სავარაუდო მითვისების საქმეს აქტივისტები 2018 წელს მემანქანეების გაფიცვას უკავშირებენ, როდესაც ისინი მძიმე სამუშაო პირობებს აპროტესტებდნენ და ხელფასების გაზრდას ითხოვდნენ. აქტივისტ გურამ ჯუხრუხიძის განცხადებით, ამ მასშტაბის თანხის მითვისება მერიის მაღალჩინოსნების მფარველობის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა.
როდესაც მე გავიგე 41 მლნ-ის მოპარვის ამბავი თბილისის მეტროდან, გამახსენდა, პირველ რიგში, 2018 წელს გაფიცული მემანქანეები, რომლებსაც სახელმწიფომ ცინიკურად არ მისცა უფლება, რომ გაფიცულიყვნენ. მემანქანეების უმეტესობა ამბობდა, რომ მხედველობის, სმენის დაქვეითება, ასთმა და ჯანმრთელობის სხვა მძიმე პრობლემებს უჩიოდა და ამასთან ერთად მიზერულ ხელფასზე მუშაობდა. მაშინ, როდესაც ადამიანები მეტროს მართავენ საკუთარი ჯანმრთელობის ხარჯზე და ამავე დროს, ჩვენ ვიცით, რა ხდება თბილისის მეტროში, რომ საქართველოს მოქალაქეები გადაადგილდებიან ღირსებისთვის შეურაცხმყოფელ პირობებში, ჩვენ გვესმის, რომ თურმე აი, ამ კომპანიაში, ამ სისტემაში 41 მლნ ლარს ჰპარავენ საქართველოს და თბილისის მსოახლეობას. ეს “ქართული ოცნების” მასშტაბისთვისაც კი დიდია, თუმცა ეს რა თქმა უნდა, შეუძლებელია, მომხდარიყო მერიის მაღალჩინოსნების კურთხევისა და ხელდასმის გარეშე, – ამბობს გურამ ჯუხრუხიძე.
რა ვიცით 41 მილიონის მითვისების საქმეზე?
მეტროს ვაგონების რემონტისთვის გამოყოფილი 41 მლნ ლარის მითვისების ბრალდებით ოთხი პირი დააკავეს – პროკურატურამ “პირველების” მიერ გავრცელებული ინფორმაცია 16 ნოემბერს ოფიციალურად დაადასტურა.
საქმე ეხება 2017–2024 წლებში მეტროს ვაგონების კაპიტალური რემონტის, მოდერნიზაციისა და მაკომპლექტებელი დეტალების შესყიდვისთვის გამოცხადებულ 27 ტენდერს. მათი საერთო ღირებულება 145,4 მილიონი ლარი იყო. გამოძიების ვერსიით, ამ თანხიდან ბრალდებულებმა 41,1 მილიონი ლარი მიითვისეს.
მასშტაბურ კორუფციულ საქმეზე დაკავებული არიან სს „ელექტრომოძრავი შემადგენლობის სარემონტო ქარხნის თბილისის ფილიალის“ დირექტორი გელა ძიძიკაშვილი, ამავე კომპანიის ტექნიკური დირექტორი მამუკა ნოზაძე, საწარმოს წილის ერთ-ერთ რეალურ მფლობელად დასახელებული პაატა სვანიძე და კომპანიების, „საჩინოსა“ და „ინტრანსის“ დირექტორი რუსლან დემუროვი.
