მამუკა მდინარაძე ირაკლი ღარიბაშვილის მიმართ სავარაუდო მუქარის საქმეში ბიძინა ივანიშვილისა და ირაკლი კობახიძის დავალებით მოქმედებდა, – ამის შესახებ კახა კუკავამ განაცხადა. მისი მტკიცებით, სწორედ ხელისუფლების მაღალჩინოსნებთან შესაძლო კავშირის გამო არ იწყებს პროკურატურა გამოძიებას.
კუკავა ღარიბაშვილს მოუწოდებს, საჯაროდ ისაუბროს იმ გარემოებებზე, რომლებიც, მისი თქმით, მის წინააღმდეგ განხორციელებულ ზეწოლას უძღოდა წინ.
“მამუკა მდინარაძეც და ქოცების ყველა მინისტრი ეს არის ივანიშვილის იატაკის ტილო. ამიტომაც სასაცილოა წარმოვიდგინოთ, რომ მდინარაძემ თვითონ გაბედა რაიმე. ის მოქმედებდა პირადად ბიძინა ივანიშვილის და ირაკლი კობახიძის დავალებით, აქედან გამომდინარე, მდინარაძეზე გამოძიების დაწყება ნიშნავს ივანიშვილზე გამოძიების დაწყებას და ამას რა თქმა უნდა, დღეს არსებული რეჟიმი არ დაუშვებს. თუკი დაიწყებოდა ძიება, მამუკა მდინარაძეს მოუწევდა, რა თქმა უნდა, ან შეიძლებოდა, ყოველ შემთხვევაში, ამის გარანტიას ვერავინ მისცემს, რომ ის არ დაასახელებდა ამ გვარებს დღეს თუ არა ხვალ. ამიტომაც ღარიბაშვილმაც, უმჯობესია, რომ თუ უნდა ამ საქმის გამოძიება და თუ უნდა, რომ ამ საქმეს რეალური მსვლელობა მიეცეს, ცოტა მეტი ილაპარაკოს იმის შესახებ, თუ რა უძღოდა წინ ამ ყველაფერს და რატომ გაწირა ის ივანიშვილმა. ეს არის დადასტურებული დანაშაული და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ როდესმე ვიქნები პროკურორი ამ საქმეზე, ბრალს წავუყენებ ივანიშვილსაც, კობახიძესაც და მდინარაძესაც”, – ამბობს კუკავა.
16 ნოემბერს პროკურატურამ განმარტა, რომ ღარიბაშვილისა და მისი ადვოკატის საჯარო განცხადებები დანაშაულის შესახებ კონკრეტულ ინფორმაციას არ შეიცავს და გამოძიების დაწყების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს. საქმე ეხება წერილს, რომელიც ექსპრემიერის მტკიცებით, მას საპატიმროში მდინარაძის სახელით წერილი შეუგზავნეს. წერილი კი ღარიბაშვილის თქმით, რომელიც არჩადენილი დანაშაულის აღიარების მოთხოვნას და მუქარას შეიცავდა.
უწყების ცნობით, გამომძიებელი ექსპრემიერს გარემოებების დასაზუსტებლად შეხვდა, თუმცა მან ინფორმაციის მიწოდებაზე უარი განაცხადა.
თავის მხრივ, ადვოკატი სოსო ბარათაშვილი აცხადებს, რომ ღარიბაშვილი გამოძიებასთან თანამშრომლობისა და მაგისტრატი მოსამართლის წინაშე ჩვენების მიცემისთვის მზად არის, თუკი გამოძიება ოფიციალურად დაიწყება.
