დენის დარტყმით ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში 31 წლის კაცი დაიღუპა.
შემთხვევა კაბალის ტერიტორიულ ერთეულში შემავალ სოფელ უზუნთალაში მოხდა.
ადგილობრივების ინფორმაციით, მამაკაცი ერთ-ერთი ადგილობრივის ეზოში, დამხმარე ნაგებობას თუნუქს აფარებდა, რა დროსაც მაღალი ძაბვის ელექტროსადენებს შეეხო და დენმა დაარტყა.
შემთხვევის ადგილზე მყოფებმა მამაკაცის გადარჩენა სცადეს, თუმცა ის უკვე გარდაცვლილი იყო.
დაღუპულს სამი მცირეწლოვანი შვილი დარჩა. მათ შორის უფროსი გოგონა, 5 წლისაა.
შსს-ში აცხადებენ, რომ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო-სამშენებლო ან სხვა სამუშაოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
