მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერი “ქართული ოცნების” ხელშია, ვერ ბედავენ ღიად თქმას, რომ ცდილობენ რუსეთთან ურთიერთობის აღდგენას და დიპლომატიური ურთიერთობის დამყარებას. ეს საბოლოოდ დასრულდება იმით, რომ საქართველოში უნდა იყოს სამი საელჩო: ერთი სოხუმში, ერთი ცხინვალში და ერთი თბილისში. ამის თქმას ვერ ბედავენ, მაგრამ ნაბიჯ-ნაბიჯ მიიწევენ აქეთ, – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ ჟურნალისტებს, ბრიუსელში განუცხადა, რითაც იმ ფაქტს გამოეხმაურა, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელ გიორგი ზურაბაშვილთან პირველი კონტაქტები დამყარდა – მოლაპარაკებებში რუსეთს მიხაილ გალუზინი წარმოადგენს.
მისივე თქმით, რუსეთს მარტო ძალის ენა ესმის, ამიტომ, „მარტო არ უნდა ვიყოთ მოლაპარაკების მაგიდასთან“.
„სხვა არაფერია ეს. არანაირი დიალოგი რუსეთთან ჩვენი მეგობრების გარეშე არ უნდა წარმოებდეს. ჟენევის ფორმატი იმიტომ არსებობს, რომ იქ ჩვენთან ერთად მოლაპარაკების მაგიდასთან სხედან – ამერიკა, ევროკავშირი, გაერო, ეუთო. ფორმატებია, სადაც ჩვენი მეგობრები და საერთაშორისო პარტნიორები არიან, რომლებიც საერთაშორისო წესრიგს და წესებს იცავენ, ჩვენთან ერთად არიან, იმიტომ, რომ მარტო ჩვენ ვართ სუსტები.
როგორ წარმოგიდგენიათ, რაზე უნდა ისაუბრონ?! ან კარასინმა რა დაალაგა და ახლა ამან რა უნდა დაალაგოს?! რუსეთს მარტო ძალის ენა ესმის, ჩვენ მარტო არ უნდა ვიყოთ მოლაპარაკების მაგიდასთან, უნდა ვიყოთ ძლიერ მეგობრებთან ერთად, რომლებიც სამწუხაროდ აღარ გვყავს“, – აღნიშნა ჯაფარიძემ.
ცნობისთვის, დღეს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ რუსეთმა საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელთან რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობის საკითხებში, გიორგი ზურაბაშვილთან, კონტაქტები დაამყარა. უწყების განცხადებით, რუსეთის წარმომადგენელი ზურაბიშვილთან მოლაპარაკებებში, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხაილ გალუზინი იქნება. რაც შეეხება გიორგი ზურაბაშვილს, ის ირაკლი კობახიძემ საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში 21 ოქტომბერს დანიშნა.
