მეუფე იობისა და სხვა ეპისკოპოსების მიმართ გამოთქმულ ბრალდებებს მამა გიორგი ჯამდელიანი ეხმაურება. სასულიერო პირი აცხადებს, რომ ხელისუფლების კრიტიკის შემდეგ მღვდელმთავრების წინააღმდეგ მიზანმიმართული დისკრედიტაციის კამპანია დაიწყო. მისი თქმით, სწორედ ეს ეპისკოპოსები იბრძოდნენ წინა ხელისუფლების ავტორიტარიზმის წინააღმდეგ. ჯამდელიანი ხელისუფლებას მიმართავს კითხვით – ხომ არ იმეორებს ქვეყანა იმავე გზას, რომლის წინააღმდეგაც წარსულში იბრძოდნენ.
“ჩართეთ სახელისუფლებო, პროპაგანდისტული მანქანები, ყველა ცაება და დაიწყო მიზანმიმართული შეურაცხყოფა, შეურაცხყოფა რბილი სიტყვაა იმასთან,რ აც მეუფეს აკადრეს, თავიანთი სიბინძურით და ამაშ ჩაერთნენ სხვადასხვა პლატფორმაზე არსებული ტელევიზიები თუ გადაცემები და გამოიყვანეს, თითქოს მეუფე იობი არის რაღაცა ნაციონალების ხელშემწყობი, მეუფე ილარიონი, მეუფე გიორგი და ჩვენ რაღაც შეთქმულებას ვაწყობთ?
ეს იცით, რომ არის უდიდესი ცილისწამება, ცილს სწამებთ პიროვნებას, რომელიც წინა ხელისუფლების დროს, აი, თქვენ თბილ სკამებში რომ სხედხართ ახლა და ბევრი გადმოპორტირებული ნაცი რომ ხართ, აი, მაშინ ეს დიდი მღვდელმთავრები ამხელდნენ იმ ძალმომრეობას, იმ ტირანიას, იმ ურჯულოებას, რაც წინა ხელისუფლების დროს იყო, როდესაც ბევრი შიშისგან ხმას ვერ იღებდა. ჩვენ ლომის წვლილი შევიტანეთ წინა ავტორიტარიზმის დასრულებისთვის. და, რას ვაკეთებთ ახლა, იგივე გზაზე მივდივართ?!
იგივე სახელმწიფოს ვაშენებთ ჩვენ? და თქვენ იძახით ახლა, რომ ეს არის პოლიტიკური განცხადებები. ბევრს სტკივა, მღვდელმათავრებს და საზოგადოებაში ეს უკმაყოფილება არის დაგროვილი” – თქვა ქადაგებისას მამა გიორგი ჯამდელიანმა.
„ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი ეპისკოპოსები გოგა ხაინდრავას მწვავე განცხადებების სამიზნე გახდნენ. გადაცემა „რეალურ პოლიტიკაში“ ხაინდრავამ ოთხი მღვდელმთავრის ქადაგებები პოლიტიკურ განცხადებებად შეაფასა და ამტკიცებდა, რომ მათი გამოსვლები წინასწარ იყო შეთანხმებული.
განსაკუთრებული კრიტიკა მოჰყვა ხელისუფლების მისამართით გამოყენებულ შეფასებას – „ურწმუნოთა ხელისუფლება“. ხაინდრავამ ეპისკოპოსები ცილისწამებაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ სასულიერო პირების განცხადებებს საზოგადოებაზე გავლენა არ მოუხდენია.
