წყალტუბოში 10 ყოფილი სანატორიუმის გაყიდვის მიზნით გამოცხადებულ უშედეგო აუქციონებს ირაკლი აბესაძე ეხმაურება. აბესაძის შეფასებით, ეს ქვეყანაში მსხვილი ინვესტიციების მიმართ ინტერესის ნაკლებობაზე მიუთითებს. ამასთან, ის გამოთქვამს ეჭვს, რომ აუქციონების ჩაშლა შესაძლოა წინასწარ დაგეგმილ სქემას უკავშირდებოდეს, რომლის მიზანიც სახელმწიფო ქონების შემდგომში შემცირებულ ფასად გაყიდვაა.
“წყალტუბოში 10 სანატორიუმის გასაყიდად აუქციონები არ შედგა (არავინ გამოხატა ინტერესი).
იყიდებოდა ჯამურად 433,309 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთები (მათზე მდგომი შენობებით) 49,318,000 ლარად.
რეჟიმის მტკიცებით ამ აყვავებულ
ეკონომიკაში, რომ 10 აუქციონიდან არცერთი შედგა, ბევრი დასკვნის შესაძლებლობას იძლევა:
სინამდვილეში ამ ქვეყანაში არც ადგილობრივ და არც უცხოელ ინვესტორს მსხვილი კაპიტალდაბანდების ინტერესი არ აქვს (არ ვგულისხმობ მაფიოზურ/კორუფციულ გარიგებებს);
ამასთან ერთად, როგორც ჩანს, წინასწარ განსაზღვრულიცაა, ვინ უნდა ჩაიგდოს ხელში ეს ქონება, შესაბამისად არაა გამორიცხული, პირველი აუქციონები მიზანმიმართულად ჩააგდეს, რომ შემდეგ ,,სახელმწიფო ქონების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად 50%-ით შემცირებული ფასით გამოვიდეს აუქციონზე და შემდეგზე კიდე უფრო მეტად შეამცირონ ანუ არც ეს 49 მილიონი გადაიხადონ ბიუჯეტში, რაც ერთი შეხედვით ისედაც საკმაოდ დაბალი ფასი ჩანს ამ ქონებისთვის.
ზუსტად ამ სქემით ჩაიგდეს ხელში თბილისში, რიყის დოქები და 15,000 კვ.მ-მდე მიწის ნაკვეთი 96 მილიონი ლარის ნაცვლად 10 მილიონ ლარად და შემდეგ ამ 10 მილიონი ლარის დიდი ნაწილი რიყის დოქების დაშლის შემდეგ მიღებული მასალების რეალიზაციით ამოიღეს. საბოლოოდ გამოვიდა, რომ სახელმწიფომ ფაქტობრივად უფასოდ გააჩუქა ეს ტერიტორია!, – წერს აბესაძე სოციალურ ქსელში.
წყალტუბოს ყოფილი სანატორიუმების შეძენით ინვესტორები კვლავ არ დაინტერესდნენ. სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ აუქციონზე გამოტანილი 10 ობიექტიდან ვერცერთი გაიყიდა.
აუქციონები 15 ოქტომბერს გამოცხადდა და 13 ნოემბერს დასრულდა. ათივე სანატორიუმის საერთო საწყისი ღირებულება 49 მილიონ 200 ათასი ლარი იყო. ამასთან, მყიდველებს ობიექტების განვითარებაში, ჯამში, სულ მცირე 314 მილიონი ლარის ინვესტიციის განხორციელების ვალდებულება ეკისრებოდათ.
გასაყიდ ობიექტებს შორის იყო ყოფილი სანატორიუმები „მედეა“, „მეგობრობა“, „სავანე“, „ინტურისტი“, „იმერეთი“, „აია“, „გელათი“, „გეოლოგი“, „ფილიალი“ და „რკინიგზელი“.
