შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოსა და დეტექტივების მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.
უწყების ცნობით, კომპლექსურად ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ ბრალდებული სხვადასხვა დროს მოქალაქეებს თბილისში, გურიასა და შიდა ქართლში კოტეჯების აშენებას დაჰპირდა.
ბრალდებულმა მოქალაქეებისგან სამუშაოების დაწყების სანაცვლოდ წინასწარ მიიღო სხვადასხვა ოდენობის თანხა, თუმცა დაპირებული სამუშაოები არ შეასრულა და მოტყუებით დაეუფლა მათ კუთვნილ 160 000 ლარს.
შსს-ს თანახმად, აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედების შედეგად მოქალაქეებს დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანი მიადგათ.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
