ქართულ ოცნებას“ არ გააჩნია მტკიცებულებები. ხუთი პარტიის – მილიონი ქართველის მიერ არჩეული პარტიების აკრძალვას აპირებს გაურკვეველი “ლინკებისა” და წულუკიანის კომისიის მიერ შეთხზული მითების საფუძველზე, – ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ საგარეო მდივანმა, გრიგოლ გეგელიამ საკონსტიტუციო სასამართლოში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, მმართველ გუნდს მოუწევს, გასცდეს პროპაგანდისტულ ხრიკებს და სასამართლოს წინაშე სამართლებრივი არგუმენტებით წარდგეს.
“მე-12 დღეა აბსურდის თეატრს ვუყურებთ. „ქართულ ოცნებას“ არ გააჩნია მტკიცებულებები, ხუთი პარტიის – მილიონი ქართველის მიერ არჩეული პარტიების აკრძალვას აპირებს გაურკვეველი “ლინკებისა” და წულუკიანის კომისიის მიერ შეთხზული მითების საფუძველზე. „ქართულ ოცნებას“ მოუწევს, გასცდეს პროპაგანდისტულ ხრიკებს, სამართლებრივად იმსჯელოს და სამართლებრივი არგუმენტები წარმოადგინოს. ეს არ არის „იმედის“ ეთერი და არც „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭო – ეს არის სასამართლო და მათ მოუწევთ არგუმენტირებულად ისაუბრონ.
მე არ მინდა სასამართლოს პოლიტიკური შეფასებები დავიწყო, სანამ სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. ეს არ არის გამართლებული ეთიკურად, სახელმწიფოებრივად და სამართლებრივად, რადგან ერთგულნი ვართ სახელმწიფოსი და მისი კონსტიტუციის. ამიტომ ვართ აქ, რომ დავიცვათ სიმართლე, რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია“, – აცხადებს გრიგოლ გეგელია.
