საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის სარჩელის განხილვა გრძელდება. დღევანდელი სხდომაც კითხვა-პასუხის ეტაპით გაიხსნა.
მოსამართლე ევა გოცირიძემ ქართული ოცნების წარმომადგენლებს ჰკითხა, თუ მათივე თქმით, ოპოზიციურ პარტიებს 0 რეიტინგი აქვთ, მაშინ რაღა საჭიროა მათი აკრძალვა.
“მმართველი პარტიისგან არაერთხელ გამიგია ტერმინი, რომ ისინი განულებული პარტიები [ოპოზიციური] არიან, მათი რეიტინგი 0-ის ტოლიაო და ა.შ. ამ კონტექსტში, თუ ისინი ისედაც მილევად რეჟიმში არიან, საჭიროა თუ არა მოვლენების ბუნებრივ განვითარებაში შედარებით უხეში ჩარევა, სამართალს რომ თავი დავანებოთ.
და პირიქით, ეს პოლიტიკური თვალსაზრისით მათი გაძლიერებისთვის ბიძგის მიმცემი ხომ არ გახდება და იქნებ თქვენთვის, როგორც პოლიტიკური პარტიისთვის, ეს სასარგებლო არ იყოს. მოგეხსენებათ ქართული საზოგადოების დამოკიდებულება, ყოველთვის დაჩაგრულის მხარეს რომ არის და მსხვერპლის სტატუსს, რომელსაც ისინი მიიღებენ, ამას როგორ უყურებთ და საბოლოო ჯამში, ეს ყველაფერი რაში გვჭირდება?”. – თქვა მოსამართლემ.
