გეგმავს თუ არა სებ-ი საერთაშორისო რეზერვებში კრიპტოვალუტის დამატებას – ეს აინტერესებს „ქართული ოცნების“ დეპუტატ გიორგი ბარვენაშვილს.
მან შესაბამისი კითხვით სებ-ის პრეზიდენტს, ნათია თურნავას საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე მიმართა.
“ხომ არ გვიფიქრია [საერთაშორისო რეზერვების] კრიპტოვალუტით შევსება, როგორიც არის მაგალითად Bitcoin, Ethereum და Solana?” – იკითხა გიორგი ბარვენაშვილმა.
სებ-ის ხელმძღვანელის თქმით, მარეგულირებელი რეზერვების კრიპტოვალუტაში გადატანას ჯერჯერობით არ გეგმავს.
„კრიპტოვალუტაში რეზერვების შევსება ძალიან ნოვატორული რამ არის. არის ესეთი შემთხვევები, თუმცა მასობრივად და მასშტაბურად ამას ცენტრალური ბანკები არ აკეთებენ. ჩვენ ჯერჯერობით არ ვგეგმავთ. ჩვენ, როგორც მოგახსენეთ, აი ესე ვიწრო სფეროში, CBDC-ის პილოტირებაზე ვართ ორიენტირებულები“, – განაცხადა ნათია თურნავამ.
ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ დეპუტატი გიორგი ბარვენაშვილი ბიტკოინებს ფლობს.
