„თუ ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტი მომდევნო თვეებში ჩაცხრება და მისგან მომდინარე ინფლაციური წნეხი ეტაპობრივად შერბილდება, მიმდინარე წელს ინფლაცია საშუალოდ 5.4%, ხოლო 2027 წელს 3.5% იქნება“, – ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე 2027-2029 წლების ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების პროექტის წარდგენისას განაცხადა.
მისი განმარტებით, ეროვნული ბანკის განახლებული ცენტრალური სცენარის მიხედვით, სხვა თანაბარ პირობებში, მომდევნო წელს ინფლაცია შემცირებას დაიწყებს და 2027 წლის მეორე ნახევრიდან მიზნობრივ 3%-იან მაჩვენებელს დაუახლოვდება. ნათია თურნავამ აღნიშნა, რომ ინფლაციის მოსალოდნელი დინამიკა მნიშვნელოვნად იქნება დამოკიდებული გლობალურად მიმდინარე მოვლენებზე, განსაკუთრებით კი საერთაშორისო ბაზრებზე ენერგორესურსების ფასებზე. შესაბამისად, პროგნოზი ახლო აღმოსავლეთში ვითარების დასტაბილურებისა და კონფლიქტიდან მომდინარე ინფლაციური წნეხის ეტაპობრივი განეიტრალების დაშვებას ეფუძნება. ამასთან, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განცხადებით, აღნიშნული მიმართულებით გაურკვევლობა კვლავ მაღალია და ინფლაციური რისკები მწვავე რჩება. სებ-ის პრეზიდენტის განცხადებით, იმ შემთხვევაში თუ საგარეო შოკების გავლენა ინფლაციურ მოლოდინებზე აისახება და მეორე რაუნდის ეფექტების რისკი გაძლიერდება, ეროვნული ბანკი მზად არის, მონეტარული პოლიტიკა დამატებით გაამკაცროს.
„ჩვენი მიზანია, რომ მას შემდგომ, რაც საგარეო შოკების გავლენა ამოიწურება, ინფლაცია სწრაფად დაუბრუნდეს მიზნობრივ მაჩვენებელს“, – აღნიშნა ნათია თურნავამ. მისივე განმარტებით, მას შემდეგ, რაც ინფლაციის მიზნობრივ მაჩვენებელთან დაბრუნების ტენდენცია გამოიკვეთება, ეროვნულ ბანკს მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის ეტაპობრივად შემცირებისა და ნეიტრალურ დონემდე მიყვანის შესაძლებლობა ექნება.
