არჩილ გორდულაძე ქოთანს საიდანაც უნდა, ყურს იქიდან აბამს, ეს მისი ცნობილი ტაქტიკაა – ჩვენ არჩევნებში მონაწილეობის გამო გვედავება კონსტიტუციის დარღვევას და თავად ასეთი არაკონსტიტუციური სარჩელი აქვთ შედგენილი და ვის მიმართ აქვს პრეტენზია?! თუ ვინმე დღეს კონსტიტუციას არღვევს, ეს, რა თქმა უნდა, პირველ რიგში, არის თავად „ქართული ოცნება“, – ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატმა, გიორგი შარაშიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
დეპუტატის თქმით, მისი პოლიტიკური გუნდი მთელ საქართველოს და მთელ მსოფლიოს დაუმტკიცებს, რომ პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებული სარჩელი არაკონსტიტუციურია.
შარაშიძის განცხადებით, არის მოლოდინი იმისა, რომ საკონსტიტუციო სასამართლო სრულიად არაკონსტიტუციურ გადაწყვეტილებას მიიღებს.
„რა თქმა უნდა, კითხვა-პასუხის ეტაპზეც ჩვენი გუნდი მთელ საქართველოს და მთელ მსოფლიოს დაუმტკიცებს, რომ ეს სარჩელი, პირველ რიგში, არის არაკონსტიტუციური, რომ ჩვენი პარტია, ჩვენი პოლიტიკური ძალა არის სრულიად ხელოვნურად, აბსურდული ბრალდებებით დამატებული ამ სიას, რაც, რა თქმა უნდა, მთლიანობაში ამ სარჩელის აბსურდულობას ადასტურებს. სამწუხაროდ, მოლოდინი იმისა, რომ საკონსტიტუციო სასამართლო მიიღებს სამართლიან გადაწყვეტილებას, არ გვაქვს. ამ 8-დღიანმა განხილვამ ეს მოლოდინი კიდევ ერთხელ დაადასტურა. დაადასტურა ასევე ის, რასაც ჩვენ ვამბობდით, რომ პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება იყო და არის მიღებული „ოცნებაში“. სამწუხაროდ, არის მოლოდინი იმისა, რომ საკონსტიტუციო სასამართლო მიიღებს სრულიად არაკონსტიტუციურ გადაწყვეტილებას.
ამ სარჩელის მიზანი არის არა მხოლოდ პარტიების აკრძალვა, არამედ ზოგადად, ამ ქვეყანაში განსხვავებული აზრის გაუქმება და განსხვავებული აზრის არაკონსტიტუციურად გამოცხადება. ეს, სამწუხაროდ, ნიშნავს იმას, რომ ის ავტორიტარიზმი, რასაც აქამდე „ოცნება“ ქმნისა, უკვე ახალ ფაზაში გადადის და ეს იქნება უკვე, ფაქტობრივად, დიქტატურა – ოღონდ შენიღბული დიქტატურა. ეს კიდევ უფრო მეტ საფრთხეს აჩენს ჩვენი ქვეყნისთვის, რაც ნიშნავს იმას, რომ „ოცნება“ ხელოვნური ოპოზიციის, მარიონეტული ოპოზიციის გამოყენებით შეეცდება დაამტკიცოს, თითქოს, ამ ქვეყანაში არის გარკვეული დონის დემოკრატია და ტარდება არჩევნები. სინამდვილეში, „ოცნებას“ სხვა რამ სურს, რომ მას შემდეგ, რაც მან ძალაუფლების სრული კონსოლიდაცია მოახდინა, ახლა უკვე სურს ოპოზიციაც თავიდან ბოლომდე გააკონტროლოს – პირდაპირ რომ ვთქვათ, დანიშნოს ოპოზიცია და თავად განუსაზღვროს იმ კონკრეტულ ოპოზიციურ პარტიებს, თუ ვინ რამდენი პროცენტით შევა პარლამენტში.
ეს იქნება კატასტროფული, ძალიან მძიმე შედეგების მომტანი, პირველ რიგში, „ოცნებისთვის“, მათ შორის, იმ 88 დეპუტატისთვის, ვინც ამ სარჩელს ხელი მოაწერა. დროის საკითხია, მაგრამ არც ისე შორის არის დრო, როდესაც “ოცნებას” თავად მოუწევს ამ ყველაფერზე პასუხისმგებლობა,” – განაცხადა შარაშიძემ.
ცნობისთვის, საკონსტიტუციო სასამართლოში პოზიციური პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებული სარჩელის განხილვა ხვალ განახლდება.
