ილია ვეკუას სახელობის თბილისის N42-ე ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლაში სწავლა ორშაბათიდან გაგრძელდება – “გაძლიერებული უსაფრთხოებით” – ამის შესახებ მშობლები აცხადებენ, რომლემაც ოფიციალური შეტყობინება განათლების სამინისტროს სკოლამდელი და ზოგადი განათლების დეპარტამენტის უფროსისგან მიიღეს.
წერილში ნათქვამია, რომ პროცესში ჩაერთვებიან ექსპერტები, სამხარაულის ბიურომ უნდა ჩაატაროს “სიღრმისეული ანალიზი”. დასკვნამდე კი სწავლა სკოლის შენობაში გაგრძელდება.
“ორშაბათიდან ადგილზე გაძლიერებული იქნება სკოლის უსაფრთხოება. ჩაიკეტება რამდენიმე საკლასო ოთახი, ხოლო სწავლისთვის გამოყენებული იქნება ადმინისტრაციული ოთახები. დაემატებიან მანდატურები.
რაც შეეხება ტექნიკური უნივერსიტეტის კორპუსს, რომელუც ვეკუას სკოლისთვის რემონტდება, მოსწავლეთა მისაღებად მზად იქნება 2027 წლის სექტემბერში”, – წერია შეტყობინებაში, რომელსაც ერთ-ერთი მშობელი, მარი გაბედავა Facebook-ზე ავრცელებს.
დღეს, 8 ნოემბერს აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის თბილისის N42-ე ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლის მოსწავლეების მშობლებმა მორიგი აქცია გამართეს. პროტესტი მოჰყვა იმ ინფორმაციის გავრცელებას, რომლის მიხედვითაც ორშაბათიდან, 9 ნოემბრიდან, იმავე შენობაში სასწავლო პროცესი ვერ გაგრძელდებოდა.
“არავითარი ჰიბრიდული ან ონლაინ სწავლება და არავითარი მეორე ცვლა” – მშობლების მოთხოვნები იყო, რომ სამინისტროს მოსწავლეებისთვის გამოეყო შენობა – ცენტრალურ უბანში, მეტროდან ფეხით სავალ მანძილზე.
