ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი თემო ტარიელაძე უნივერსიტეტის ეთიკის კომისიას მიმართავს და სტუდენტ გოგონათა მიმართ სავარაუდო სექსუალური შევიწროებისა და იძულების ფაქტებზე საქმის აღძვრას ითხოვს.
როგორც თემო ტარიელაძე სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაში წერს, სტუდენტებისთვის ცნობილი გახდა უნივერსიტეტის ერთ-ერთი სტუდენტის მხრიდან გოგონათა სავარაუდო სექსუალური შევიწროებისა და იძულების ფაქტების შესახებ.
მისი განცხადებით, სოციალურ ქსელებსა და მედიასაშუალებებში გავრცელებული ინფორმაციისა და გასაჯაროებული მიმოწერების მიხედვით, აღნიშნული პირი თავდაპირველად სტუდენტებთან ნდობის მოპოვებას ცდილობდა სხვადასხვა საკითხში დახმარების დაპირებით, შემდეგ კი მათ, სავარაუდოდ, სექსუალური ხასიათის არასასურველ შეტყობინებებს უგზავნიდა და სექსუალურ ურთიერთობას აიძულებდა.
ტარიელაძე განცხადებაში ბსუ-ის ეთიკის კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტს იშველიებს, რომლის მიხედვითაც, სტუდენტის მხრიდან ეთიკის კოდექსის დარღვევად მიიჩნევა დისკრიმინაციის, მათ შორის, შევიწროებისა და სექსუალური შევიწროების აკრძალვების დარღვევა.
იგი უნივერსიტეტის ეთიკის კომისიას ბსუ-ის ეთიკის კოდექსის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე საქმის აღძვრისა და დროული რეაგირებისკენ მოუწოდებს.
„აღნიშნული დარღვევის შესახებ ინფორმაციის არსებობა წარმოადგენს ეთიკის კომისიის მიერ საქმის აღძვრისა და დროული რეაგირების პირდაპირ საფუძველს“, – წერს სტუდენტი.
ამასთან, თემო ტარიელაძე მიიჩნევს, რომ გავრცელებულ ინფორმაციაში შესაძლოა იკვეთებოდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე, 138-ე, 139-ე და 141-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები და უნივერსიტეტს საქართველოს პროკურატურისთვის მიმართვისკენაც მოუწოდებს.
