ბრაზილიაში, 26 წლის ქალი სასტუმროს მეშვიდე სართულის ფანჯრიდან გადავარდა და დაიღუპა. შემთხვევა მისი შეყვარებულის თვალწინ მოხდა.
უცხოური მედიის ცნობით, რენატა რებეკა ნეგრაო სალდანჰა დოს სანტოსი სამშაბათს, 3 ნოემბერს, დაახლოებით დღის, 1:30 საათზე გადავარდა სასტუმროს დერეფნის ფანჯრიდან.
ვიდეოკამერის ჩანაწერში ჩანს, როგორ ჩერდება წყვილი თავიანთი ოთახის წინ, როგორ ჯდება ქალი ფანჯრის ჩარჩოზე და ვარდება.
შეყვარებული მამაკაცი, რომლის ვინაობაც არ სახელდება, პოლიციის განყოფილებაში გამოკითხეს, რის შემდეგაც ის გაათავისუფლეს. პოლიციამ დასძინა, რომ მას ამ საქმეში ეჭვმიტანილად არ მიიჩნევენ.
პოლიციის უფროსმა, ჯორჯ მარკესმა განაცხადა, რომ ვიდეოჩანაწერის თანახმად, ტრაგედია შემთხვევით მოხდა და მასში აგრესიის არანაირი ნიშანი არ ჩანს.
“არანაირი ხელის კვრა არ ყოფილა. კაცი მასთან ახლოსაც კი არ იყო”, – დასძინა მარკესმა.
ჯორჯ მარკესმა ასევე განაცხადა, რომ გამოძიება კვლავ მიმდინარეობს – დაიკითხებიან სასტუმროს თანამშრომლები და შესაძლოა, პოლიციაში გარდაცვლილი ქალის მეგობარი მამაკაცის ხელახალი დაბარებაც გახდეს საჭირო.
გარდაცვლილს ორი მცირეწლოვანი შვილი დარჩა, რომელთაგან ერთ-ერთი 4 წლისაა.
