დონალდ ტრამპმა თეთრი სახლის ოვალური კაბინეტი ეროვნულ ძეგლად გამოაცხადა. აშშ-ის პრეზიდენტმა 5 ნოემბერს ხელი მოაწერა დოკუმენტს, რომლის მიზანიც ისტორიული სივრცის დაცვა და მომავალი პრეზიდენტების მიერ მისი ძირეული შეცვლის ან დანგრევის შეზღუდვაა.
„ჩვენ მას ეროვნულ ძეგლად ვაცხადებთ და სულელ ადამიანებს არ ექნებათ უფლება, შეეხონ, გაანადგურონ ან დაანგრიონ ის მხოლოდ იმისთვის, რომ მის ადგილას ოდნავ განსხვავებული ფორმის ნაგებობა ააშენონ“, – განაცხადა ტრამპმა.
დოკუმენტი ოვალურ კაბინეტთან ერთად მის მიმდებარე სივრცეებსაც მოიცავს. ამასთან, მომავალ პრეზიდენტებს კვლავ შეეძლებათ ინტერიერის დიზაინის, ავეჯისა და დეკორაციების შეცვლა, თუ ეს შენობის ისტორიულ და არქიტექტურულ იერსახეს არსებითად არ დააზიანებს. განკარგულების გაუქმება მომავალ პრეზიდენტსაც შეუძლია.
გადაწყვეტილება ტრამპმა მას შემდეგ მიიღო, რაც რამდენიმე თვით ადრე თეთრი სახლის აღმოსავლეთი ფლიგელი ახალი საბანკეტო დარბაზის მშენებლობისთვის დაანგრიეს. პროექტს სამართლებრივი დავები მოჰყვა.
