27 მაისს გორში პოლიციელების მიერ ნაცემ პაპუნა ლოცულაშვილსა და ლაშა აბისულაშვილს დაკავებულებთან პრეტენზიები აღარ აქვთ – “პირველების” ინფორმაციით, ამას სასტიკი ანგარიშსწორების მსხვერპლები ბოლოს მიცემულ ჩვენებებში წერენ.
“ტვ პირველისთვის” მოწოდებული ინფორმაციით ირკვევა, რომ თავდაპირველ ჩვენებაში არც ლოცულაშვილი და არც აბისულაშვილი მსგავსს არაფერს ამბობდნენ.
რა შეიცვალა და ხომ არ მოხდა ზეწოლა დაზარალებულებზე – ეს კითხვა “ტვ პირველმა” დაკავებული პოლიციელების ადვოკატებს დაუსვა.
ალექსი ბადალოვის ადვოკატი, ნოდარ ცინცაძე ირწმუნება, რომ ლოცულაშვილსა და აბისულაშვილზე ზეგავლენა არავის მოუხდენია.
:ეს არის მათი გადაწყვეტილება, მთავარი არის ის, რომ ამ გადაწყვეტილების მიღებამდე ან მიღების დროს მასზე რაიმე ზეგავლენა არ მომხდარა. პოზიცია რასაც ბრძანებთ იყო არა პირველ ჩვენებაში, არამედ მომდევნო ბოლო ჩვენებაში. მათი პოზიცია იქ იყო დაფიქსირებული, თავდაპირველ ჩვენებაში პოზიიცია საერთოდ არ იყო დაფიქსირებული, არც დადებითი და არც უარყოფითი”, – ამბობს ნოდარ ცინცაძე.
შესაძლო ზეწოლის შესახებ კითხვა “ტვ პირველმა” დაუსვა პაპუნა ლოცულაშვილის ძმასაც – გიგლა ლოცულაშვილმა თქვა, რომ ოჯახს კომენტარის გაკეთება არ სურს.
“არ მინდა ამ თემაზე კომენტარის გაკეთება და არც ჩემს ძმას სურს. მაგ ინფორმაციასთან მე არ მაქვს არანაირი ინფრომაცია, ამიტომ ვერ დაგიდასტურებთ”, – აცხადებს პაპუნა ლოცულაშვილის ძმა.
დაზარალებულების ახალი ჩვენებების საფუძველზე შესაძლოა, ექვსივე პოლიციელმა ციხე ვადაზე ადრე დატოვოს – “ტვ პირველს” ბრალდებულ გიორგი (ზაკო) წკრიალაშვილის ადვოკატმა ცოტა ხნის წინ დაუდასტურა, რომ პროკურატურისთვის საპროცესო შეთანხმების თაობაზე მიმართული აქვთ.
როგორც უფლებადამცველი ზურა მინდიაშვილი ამბობს, საპროცესოზე დაზარალებულების თანხმობა არსებობს და ის გადაცემულია როგორც გამოძიებისთვის, ისე სასამართლოსთვისაც.
დიახ მიმართული გვაქვს პროკურატურისთვის. დიახ ჩემი დასაცავი პირის მოთხოვნით მოხდა ეს. კი შეღავათებს ითხოვს. საპროცესო შეთანხმება ათასნაირი შეიძლება იყოს- შეღავათი, გარკვეული ნაწილი საპატიმრო ღონისძიება, ნაწილი პირობითით შეიცვალოს.
“დაზარალებულების თანხმობა არის და გადაცემულია გამოძიებისთვის და სასამართლოსთვისაც. დაზარალებულები პრეტენზიას არ აცხადებენ. რატომ გადაიფიქრეს დაზარალებულებმა, მაგაზე მე პასუხი როგორ გაგცეთ. (კითხვა – ერთ-ერთი დაზარალებულის მიმართ სამართლებრივი დევნაც კი იყო დაწყებული, თუმცა მოგვიანებით შეწყდა, ამან განაპირობა დაზარალებულსი მხრიდან პრეტენზიის არქონა?) არა, მაგას ვერ გეტყვით, მაგაში მე გარკვეული არ ვარ, მაგრამ ეს შეთანხმება გაცილებით ადრე მოხდა”- აცხადებს ადვოკატი ზურა მინდიაშვილი.
