“ქართული ოცნების” ამომრჩევლებმა ნახეს განადგურებული და კედელზე შეხეთქებული საკუთარი ლიდერი – ასე აფასებს “სამოქალაქო იდეის“ დამფუძნებელი და თავდაცვის ყოფილი მინისტრი, თინა ხიდაშელი ირაკლი კობახიძის ევრონიუსის ფორუმზე გამოსვლას.
ხიდაშელის თქმით, მთავრობის მეთაურს არაერთი კითხვის მიუხედავად არ დაუსახელებია საკითხი, რაზე სასაუბროდაც ევროკავშირთან არის მზად.
“დიალოგს მაშინ აქვს აზრი, როდესაც ამ დიალოგისთვის მზადყოფნა არსებობს და როდესაც ნახევარი საათის განმავლობაში ვერ ახერხებ თუნდაც ნახევარი წინადადება თქვა იმაზე, თუ რა არის ის თემა, რაზე სასაუბროდაც ღია და გახსნილი ხარ. მაშინ რა აზრი აქვს ასეთ დიალოგს, ეს დიალოგი არ არის, ეს არის მონოლოგი, როცა შენ უნდა ილაპარაკო. დიალოგი საჭიროებს დღის წესრიგს. არავინ არ ჯდება ცარიელი ფურცლით მაგიდასთან. ყველა ჯდება დღის წესრიგით. მას 20-ჯერ ჰკითხეს, რა შეგიძლიათ შეიტანოთ დღის წესრიგში, რაზე ხარ მზად, რომ ილაპარაკოთ და მას ასეთი საკითხი არ დაუსახელებია. გაბრაზებულია, რადგან რაც არ უნდა ილაპარაკოს ახლა, რაც არ უნდა დაწერონ ვიღაც ადამიანებმა ფბ-ზე მათმა მომხრეებმა, ამით ფაქტები არ იცვლება და “ოცნების” ამომრჩევლების უდიდესმა უმრავლესობამ ნახა სრულიად განადგურებული, კედელზე შეხეთქებული საკუთარი ლიდერი და რა თქმა უნდა, ისინი გაბრაზებულები არიან”, – აცხადებს თინა ხიდაშელი.
