ის [ვახო სანაია ციხეში] თავისი უხამსობის გამოა. მე საერთოდ არაფერ შუაში არ ვარ – ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტების შეკითხვას, რომელიც ჟურნალისტ ვახო სანაიას დაკავებას შეეხებოდა, მისი და ვლადიმერ ბოჟაძის შესახებ დაწერილი პოსტის გამო.
როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, საზოგადოებისა და კანონმდებლობის მოთხოვნაა, რომ უხამსობა არ იყოს საჯარო სივრცის ნაწილი.
„[ციხეში] ჩემ გამო არაა, ის არის თავისი უხამსობის გამო. მე საერთოდ არაფერ შუაში არ ვარ. არც მე, არც სხვა. ყველა პასუხისმგებელია საკუთარ ქცევაზე. ის, რომ უხამსობა საჯარო სივრცეში არის მიუღებელი, იცის ყველამ. ამას ასწავლიან ოჯახში, ბაღში, სკოლაში, ხანდახან უნივერსიტეტში და ზოგადად, ცხოვრება ასწავლის ამას ადამიანს, რომ უხამსობა არ უნდა იყოს. თუკი ვინმეს მიმართ გამოიყენება ზომები უხამსობის გამო, ეს არის მათი ქცევის გამო. უხამსობა რომ არ იყოს საჯარო სივრცის ნაწილი, სწორედ ეს არის ჩვენი საზოგადოებისა და კანონმდებლობის მოთხოვნა.
უხამსობა პოლიტიკური სივრციდან უნდა გაქრეს, ამაზე ყველამ უნდა ვიზრუნოთ. ჩვენც, ოპოზიციამაც, ჟურნალისტმაც და სამოქალაქო აქტივისტმაც. ჩვენ გვინდა, რომ უხამსობა არ იყოს პოლიტიკური თუ არა პოლიტიკური დებატის ნაწილი“,- განაცხადა პაპუაშვილმა.
ცნობისთვის, ჟურნალისტი ვახო სანაია საკუთარ საცხოვრებელ სახლთან დააკავეს 19 ოქტომბერს დააკავეს. მას 30-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანმა შეუფარდა. შინაგან საქმეთა სამინისტრო სანაიას სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული სამი პოსტის გამო პოლიტიკური თანამდებობის პირების შეურაცხყოფას ედავებოდა.
შეგახსენებთ იმასაც, რომ ჟურნალისტი ვახო სანაია უკვე იყო 14-დღიან ადმინისტრაციულ პატიმრობაში. ის საკუთარ საცხოვრებელ სახლთან 22 ივლისს დააკავეს. მაშინ, ვახო სანაიას 14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილისა და დეპუტატ ვლადიმერ ბოჟაძის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერილი პოსტის გამო შეეფარდა. თბილისის საქალაქო სასამართლოს პოსტზე სამართლებრივი რეაგირებისთვის შს სამინისტროში შექმნილმა, სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველომ მიმართა.
