ბრაზილიაში ოთხი თვის ჩვილი სავარაუდო სამედიცინო შეცდომის შედეგად გარდაიცვალა. ოჯახის მტკიცებით, საავადმყოფოს თანამშრომელმა ბავშვს კვებისთვის განკუთვნილი რძე ვენაში, ინტრავენური კათეტერის საშუალებით შეუყვანა, ნაცვლად იმისა, რომ ის სპეციალური ზონდით მიეწოდებინა. მომხდარზე პოლიციამ სისხლის სამართლის საქმე აღძრა.
ბავშვი, მიგელ ანჟელო ბარბოზა, 20 ოქტომბერს, ქალაქ გოიანას Memorial Goiana Hospital-ში გარდაიცვალა. ის კლინიკაში 11 ოქტომბრიდან მკურნალობდა — ჩვილს ბრონქიოლიტი ჰქონდა, რაც ფილტვებში სასუნთქი გზების უმცირესი განშტოებების ანთებაა და შესაძლოა სუნთქვის გაძნელება გამოიწვიოს.
ბავშვი ცალკე პალატაში იმყოფებოდა და მას დეიდა უვლიდა. დედა ამ პერიოდში აპენდიქსის ამოკვეთის ოპერაციის შემდეგ რეაბილიტაციას გადიოდა.
როგორც ბრაზილიური გამოცემა G1 წერს, მიგელი მედიკამენტებს ინტრავენური კათეტერით იღებდა, რძით კი ნაზოგასტრალური ზონდის საშუალებით იკვებებოდა. ეს არის მოქნილი სამედიცინო მილი, რომელიც ცხვირიდან საყლაპავის გავლით კუჭში შეჰყავთ.
ოჯახის ვერსიით, სავარაუდოდ, მედდის შეცდომის მიზეზი სწორედ ამ ორი სამედიცინო მოწყობილობის აღრევა გახდა. ახლობლებისთვის გაუგებარია, როგორ დაუშვა თანამშრომელმა ასეთი შეცდომა, რადგან, მათი თქმით, მანამდე იმავე მედდას ბავშვისთვის საჭირო პროცედურები სწორად ჰქონდა ჩატარებული.
ბავშვის დეიდის მონათხრობით, მან დაინახა, როგორ დაიწყო მიგელმა გალურჯება. დაუყოვნებლივ გამოიძახეს სამედიცინო ბრიგადა, რომლის წევრებიც ბავშვის რეანიმაციას საათზე მეტხანს ცდილობდნენ.
ოჯახის განცხადებით, სავარაუდო შეცდომის დამშვები სამედიცინო თანამშრომელიც ადგილზე იმყოფებოდა, თუმცა მას შემდეგ, რაც დაინახა, რომ ბავშვი რეანიმაციულ ღონისძიებებს არ ექვემდებარებოდა, შემთხვევის ადგილიდან წავიდა.
პოლიციამ მომხდარზე მკვლელობის მუხლით სისხლის სამართლის საქმე აღძრა. ოჯახის ინფორმაციით, სამედიცინო დაწესებულებამ სამართალდამცველებს თანამშრომლის ვინაობა მიაწოდა და ის სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას ჩამოაშორა.
მომხდარის ზუსტი გარემოებები და ბავშვის გარდაცვალების მიზეზი გამოძიებამ უნდა დაადგინოს.
