სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ ტრანსპორტის ჯგუფში. ჯგუფში ფასები გაიზარდა 21.9 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 2.54 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები 30.3 პროცენტით მომატებულია პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე, სატრანსპორტო მომსახურებაზე – 14.5 პროცენტით, ხოლო სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე – 1.7 პროცენტით;
სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში ფასები გაიზარდა 3.1 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 1.07 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები 20.2 პროცენტითაა მომატებული თევზეულიზე, ხორცი და ხორცის პროდუქტები 7.6 პროცენტით გაძვირდა, ზეთი და ცხიმი – 7.0 პროცენტით. ყავა, ჩაი და კაკაო 5.7 პროცენტითაა გაძვირებული, ბოსტნეული და ბაღჩეული – 4.1 პროცენტით. პურსა და პურპროდუქტებზე ფასებმა 4.0 პროცენტით მოიმატა, რძე, ყველი და კვერცხი 0.6 პროცენტით გაძვირდა.
ამასთან, ფასები -4.5 პროცენტით შემცირდა ხილსა და ყურძენზე. შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული -3.3 პროცენტით გაიაფდა, მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები -1.2 პროცენტითაა გაიაფებული.
„საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი: ჯგუფში ფასები მომატებულია 10.1 პროცენტით, რაც 0.98 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიან ინდექსზე. ფასები, ძირითადად, გაზრდილია ქვეჯგუფებზე: ფაქტიური გადასახადი საცხოვრებელზე (12.8 პროცენტი), საცხოვრებლის მიმდინარე მოვლა და შეკეთება (11.9 პროცენტი), ელექტროენერგია, აირი და სათბობის სხვა სახეები (10.6 პროცენტი);
ჯანმრთელობის დაცვა: მოცემულ პერიოდში ჯგუფში ფასები გაიზარდა 8.4 პროცენტით, რაც ჯამურ ინფლაციაზე 0.69 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: ამბულატორიული სამედიცინო მომსახურება (11.7 პროცენტი), სამედიცინო პროდუქცია, აპარატურა და მოწყობილობა (9.4 პროცენტი);განათლება: ჯგუფში ფასები შემცირდა 12.0 პროცენტით. შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა წლიურ ინდექსში -0.53 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასები შემცირდა უმაღლეს განათლებაზე (-32.9 პროცენტი). ამასთან, ფასები მომატებულია ქვეჯგუფებზე: სკოლამდელი და დაწყებითი განათლება (8.8 პროცენტი), საშუალო განათლება (6.6 პროცენტი), დონით განუსაზღვრელი განათლება (5.5 პროცენტი)“, – აღნიშნულია საქსტატის ანგარიშში.
