საერთაშორისო გამჭვივალობა საქართველოს ინფორმაციით, მერიის მაღალჩინოსათან დაკავშირებულმა კომპანიამ, რომელმაც ქართული ოცნების 359 000 ლარი შესწირა, სახელმწიფო ტენდერები უკონკურენტოდ მოიგო და 23 დღეში 41.1 მილიონი გაიფორმა.
საუბარია შპს Construction Service-ზე
“23 დღე და ბიუჯეტიდან წაღებული 41.1 მილიონი ლარი – ასე მუშაობს სქემა, როცა ყოფილი ჩინოვნიკი და მმართველი პარტიის მსხვილი დონორი ხარ.
შპს Construction Service-მა სექტემბერ-ოქტომბერში სახელმწიფო ტენდერებიდან ყველაზე მსხვილი, 41.1 მილიონი ლარის ღირებულების 3 ხელშეკრულება გაიფორმა. აქედან ორი ტენდერი სრულიად უკონკურენტოდ მოიგო:
27.9 მილიონი ლარი „საქართველოს მელიორაციისგან“ ფოთში, მდინარე რიონზე ნაპირსამაგრი სამუშაოებისთვის (უკონკურენტოდ).
5 მილიონი ლარი თბილისის მერიისგან ქალაქში საყრდენი კედლების მოსაწყობად (უკონკურენტოდ).
8 მილიონი ლარი ისევ თბილისის მერიისგან მტკვრის სანაპიროზე კედლის სარეაბილიტაციოდ.
ვინ დგას მილიონიანი კონტრაქტების უკან? კომპანიის მფლობელებს შორის არიან თბილისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის ყოფილი უფროსი გივი კუბლაშვილი, გიორგი გაბუნია და თამაზ ცვარიანი. მათ ქართულ ოცნებას ჯამში 359 000 ლარი აქვთ შეწირული.
პარტიული ლოიალობა მათთვის ძალიან მომგებიანია. 2014 წლიდან კომპანიამ ჯამში 266 მილიონ ლარზე მეტის 73 ტენდერი და 9 მილიონი ლარის გამარტივებული შესყიდვები მიიღო. მეტიც, 2023 წელს მოგებული 60.5 მილიონიანი ტენდერის ღირებულება, რომელიც ახალი ავტობაზის მშენებლობას გულისხმობდა, მერიამ 2026 წლის სექტემბერში დამატებით 6 მილიონი ლარით (ზუსტად 10%-ით) გაუზარდა, სამუშაოების ვადა კი 2 წლით გადაუწია.
საქართველოში ბიუჯეტის ფულით ყოფილი ჩინოვნიკები და მმართველი პარტიის სპონსორები მდიდრდებიან” – წერს TI.
