ახმეტაში მომუშავე ექიმ-ნევროლოგის,მაია კოხტაშვილის საქმეზე წინასასამართლო სხდომა 3 ნოემბერს, 14:00 საათზე თელავის რაიონულ სასამართლოში გაიმართება.
კოხტაშვილი ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, ფსიქოტროპული ნივთიერების შესაძენად ყალბი რეცეპტის დამზადებისა და გაცემის ბრალდებით, 10 სექტემბერს დააკავა.
მედიკოსმა რეცეპტის გამოწერის ფაქტი დაადასტურა, თუმცა განაცხადა, რომ აგენტ-პროვოკატორმა ბექა მარტყოფლიშვილმა, რომელიც ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის კახეთის სამმართველოს თანამშრომელია, ვინაობა დამალა და ის შეცდომაში შეიყვანა.
უთხრა, თითქოს მედიკამენტი ლოგინად ჩავარდნილი ბებიისთვის სჭირდებოდა.
12 სექტემბერს თელავის რაიონულმა სასამართლომ ექიმი 50 000-ლარიანი საპატიმრო გირაოთი გაათავისუფლა. თანხა მოქალაქეებმა 1 საათში შეაგროვეს.
მედიკოსს ორ კვირაში ერთხელ შესაბამის ორგანოში გამოცხადება და ხელის მოწერა დაეკისრა. ასევე, აეკრძალა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა.
პროკურატურამ გირაოს შეფარდების გადაწყვეტილება გაასაჩივრა, თუმცა სააპელაციო სასამართლომ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.
სხდომაზე სასამართლო მხარეთა შუამდგომლობებს მოისმენს და მტკიცებულებათა დასაშვებობის საკითხს განიხილავს.
ხვალვე გაირკვევა, როდის დაიწყება საქმის არსებითი განხილვა.
