აშშ-ში, მენის შტატში 13 თვის ბავშვის გარდაცვალების საქმეზე მამა დააკავეს. სამართალდამცველების მტკიცებით, გოგონა გასული წლის დეკემბერში ჰიპოთერმიით გარდაიცვალა.
მენის შტატის საზოგადოებრივი უსაფრთხოების დეპარტამენტის ინფორმაციით, 37 წლის შეინ მაკლაფლინს გასულ ოთხშაბათს ბრალი გაუფრთხილებლობით მკვლელობისთვის წაუყენეს.
გოგონას გარდაცვალების შემდეგ მამამ ადგილობრივ ტელეარხ NEWS CENTER-თან მომხდარის შესახებ ისაუბრა.
მაკლაფლინის თქმით, ის და მისი შვილები იძინებდნენ ერთ ოთახში, რომელსაც გამათბობელი ათბობდა. თუმცა ერთ ღამეს, შინაური ცხოველის გარეთ გასვლის დროს, კარი ღია დარჩა, რის გამოც ოთახში გაუსაძლისი ყინვა იყო.
როგორც მამამ აღნიშნა, იმდენად ციოდა, რომ საკუთარ “სუნთქვასაც კი ხედავდა”.
“ელეონორას გასაღვიძებლად წავედი. სწორედ მაშინ აღმოვაჩინე, რომ ის გარდაცვლილი იყო“, – განაცხადა მაკლაფლინმა.
მენის შტატის სენატორის, ჯეფ ტიმბერლეიკის ინფორმაციით, ბავშვის მშობლები მანამდეც იყვნენ მენის შტატის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების დეპარტამენტის გამოძიების ობიექტები. ეს თავად მაკლაფლინმაც დაადასტურა.
დაკავების შემდეგ, მაკლაფლინი პენობსკოტის ოლქის ციხეში გადაიყვანეს.
